გიორგი ვაშაძე: შესაძლოა, კობახიძე აღმოჩნდეს პირველი ქართველი პოლიტიკოსი, ვისაც სანქცია დაეკისრება
“კობახიძე ყოველთვის არის შეთანხმების მთავარი დამრღვევი, შესაძლოა, ის პირადად აღმოჩნდეს პირველი ქართველი პოლიტიკოსი, ვისაც სანქციები დაედება”, – ასე გამოეხმაურა “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი კობახიძის დღევანდელი განცხადებას, რომლის მიხედვითაც მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი არ შეჩერდება.
ვაშაძის თქმით, სანქციები იქნება რეალური გზა, რითაც „ქართულ ოცნებას“ რეფორმების გატარებას აიძულებენ.
„სანქციები არის რეალური და სენატორების განცხადება ნახეთ. იგივე იქნება ევროპარლამენტისა და ევროკავშირის მხრიდან. ეს სანქციები იქნება რეალური და გზა, რითაც ვაიძულებთ „ქართულ ოცნებას“, რომ რეფორმები გაატარონ. კობახიძე არის ადამიანი, რომელიც არც შეთანხმების ინტერპრეტაციას ახდენს სწორად და ყოველთვის არის მთავარი დამრღვევი შეთანხმების. ვფიქრობ, თუ ასე გააგრძელა კობახიძემ, სხვა ფინანსურ სანქციებთან ერთად, რომელიც საბიუჯეტო დახმარებაზე იქნება, შესაძლოა, ის პირადად აღმოჩნდეს ნომერი პირველი ქართველი პოლიტიკოსი, ვისაც დაედება სანქციები“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.