პრემიერმინისტრმა კლინიკების ხელმძღვანელებთან ვაქცინაციის გაფართოების ღონისძიებებზე იმსჯელა(ფოტო)
საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან ერთად საქართველოს მასშტაბით მოქმედ კლინიკების ხელმძღვანელებს შეხვდა.
ირაკლი ღარიბაშვილმა კლინიკების ხელმძღვანელებს საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული ახალი გადაწყვეტილებები გააცნო, რომლის მიხედვითაც 1-ელი ივლისიდან გადაადგილების შეზღუდვა უქმდება და დღეიდან, ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება.
მთავრობის მეთაურმა კლინიკების ხელმძღვანელებისგან ვაქცინაციის პროცესის მიმდინარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა. პრემიერმინისტრმა და კლინიკების ხელმძღვანელებმა ვაქცინაციის პროცესის გაფართოებისა და კიდევ უფრო ეფექტურად წარმართვისთვის საჭირო ღონისძიებებზე იმსჯელეს.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველოს მასშტაბით დიდ ქალაქებში მასობრივი ვაქცინაციის ცენტრების მობილიზება იგეგმება და ამ პროცესში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან.
პრემიერმინისტრმა და კლინიკების ხელმძღვანელებმა ვაქცინების დამატებითი დოზების შემოსვლის ვადებზე იმსჯელეს. პრემიერმინისტრმა აღინიშნა, რომ ორ კვირაში ქვეყანაში ვაქცინის მილიონი დოზა შემოვა და წლის ბოლომდე, საქართველოში, ჯამურად, მობილიზებული იქნება 3,6 მილიონზე მეტი ვაქცინა.