პირველად საქართველო-ვატიკანის დიპლომატიური ურთიერთობების ისტორიაში, ხელი მოეწერება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმებს

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ოფიციალური ვიზიტით წმინდა საყდარში (ვატიკანი) იმყოფება.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ეს საქართველოს პრეზიდენტის ისტორიული ვიზიტია იქედან გამომდინარე, რომ საქართველო-ვატიკანის დიპლომატიური ურთიერთობის ისტორიაში პირველად ხელი მოეწერება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმებს.

“დღემდე ვატიკანსა და საქართველოს შორის არცერთ სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმი არ გაფორმებულა.

ოფიციალური ვიზიტის პირველ დღეს გამართულ შეხვედრებზე განიხილეს ურთიერთობის ის შესაძლებლობები, რომელიც ქართველ სტუდენტებსა და მკვლევარებს მისცემს საშუალებას ისწავლონ ვატიკანის მუზეუმის სასწავლო ლაბორატორიებში და გაიარონ 6-თვიანი პრაქტიკა 7 სხვადასხვა სახეობის სახელოსნოში.

თანამშრომლობის მეორე მიმართულება გამოფენების ჩატარებას უკავშირდება, მესამე კი, ვატიკანის მუზეუმის წარმომადგენლების ჩართვას საქართველოში მიმდინარე სარესტავრაციო და საკონსერვაციო სამუშაოებში, რაშიც დღეს გადაუდებელი საჭიროება არსებობს.

აღნიშნული საკითხები საქართველოს პრეზიდენტმა ვატიკანის მუზეუმის დირექტორთან ბარბარა იატასთან შეხვედრისას განიხილა, რის შემდეგაც მუზეუმის დირექტორმა პრეზიდენტს მუზეუმში რესტავრაციის კონკრეტული ნიმუშები აჩვენა.

საქართველოს პრეზიდენტმა ისტორიული არქივის დირექტორთან კარდინალ ლუის ანტონიო ტაგლესთან შეხვედრისას არქივის იმ ნაწილზე ისაუბრა, რომელიც საქართველოსთვის დიდი ინტერესის მატარებელია და მნიშვნელოვანია ამ არქივზე სამუშაოდ დაშვებული იყვნენ ქართველი სტუდენტები და მკვლევარები, რომლებიც შეძლებენ საქართველოსთვის ამ ძალიან მნიშვნელოვანი ისტორიული წყაროების კვლევას, სისტემატიზაციას და კატალოგიზაციას.

პრეზიდენტი არქივში გაეცნო წმინდა ქეთევანის წამებისა და მისი წმინდა ნაწილების გადაბრძანების ისტორიას, ასევე, მისი შვილის, თეიმურაზის რწმენით აღსავსე წერილსა და სხვა ავტორების დოკუმენტებს, რომლებიც წმინდა საყდრიდან წარგზვანილი მისიოენერების მიმართ მეგობრულ დამოკიდებულებას გამოხატავენ.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ვატიკანში საქართველოს პრეზიდენტი აუდიენციას გამართავს მის უწმინდესობა, რომის პაპ ფრანცისკესთან”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები