ჩვენთვის ეს უდიდესი სტიმულია – მამუკა მდინარაძე ნატო-ს სამიტის დეკლარაციაზე
ნატო-ს სამიტისა დეკლარაცია საქართველოსთვის უდიდესი სტიმულია, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ქართული სახელმწიფო ვალდებულია, ეს მთავარი პრიორიტეტული საკითხი ალტერნატივის მიღმა იყოს.
„ნატო-ს სამიტზე მიღებულ კომუნიკეში შესული ორი პარაგრაფიდან ერთი ეხება რუსეთის მიმართ უმკაცრეს გაფრთხილებას, რასაც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებიდან გამომდინარე სამართლებრივი საფუძველი გააჩნია იმის შესახებ, რომ მოსკოვმა ნაკისრი ვალდებულებები უნდა შეასრულოს და საქართველოდან თავისი შენაერთები გაიყვანოს. მეორე პუნქტი ეხება ქართული რეფორმების აღიარებას და თავსებადობას ნატო-ს სტანდარტებთან.
ჩვენთვის ეს უდიდესი სტიმულია. ჯერ კიდევ მაშინ, როცა საქართველოს კონსტიტუციაში შედიოდა ჩანაწერი, რომ საქართველო აუცილებლად უნდა გახდეს ნატო-ს წევრი, ეს ჩანაწერი იქით მიდიოდა, რომ საქართველო აუცილებლად უნდა გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი და ქართული სახელმწიფო ვალდებულია, ეს მთავარი პრიორიტეტული საკითხი ალტერნატივის მიღმა იყოს. ეს არის ერთ-ერთი მყარი საფუძველი, რაც კომუნიკეში ჩაიწერა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ცნობისთვის, ბრიუსელში ნატო-ს დღევანდელი სამიტის შემდეგ დასკვნითი დოკუმენტი გამოქვეყნდა, სადაც ნათქვამია: „კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ საქართველო ალიანსის წევრი გახდება“.