ნატო-ს კომუნიკეში არის ცალსახა გზავნილი, რომ ვერცერთ მესამე ძალას ვერ ექნება ვეტო-ს უფლება საქართველოს გაწევრიანების საკითხზე – დავით ზალკალიანი
ნატო-ს ბრიუსელის სამიტზე მიღებულ კომუნიკეში მოკავშირეებმა დაადასტურეს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომ “საქართველო გახდება ნატო-ს წევრი“ და რომ საქართველოს აქვს ყველა “პრაქტიკული ინსტრუმენტი, რათა მოემზადოს საბოლოო წევრობისთვის” , – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა დავით ზალკალიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, წევრი ქვეყნები პოზიტიურად აფასებენ საქართველოს, როგორც ასპირანტი ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესს სხვადასხვა მიმართულებით რეფორმების განხორციელების კუთხით.
მან ასევე აღნიშნა, რომ სამიტის დასკვნით დოკუმენტში ნატო-ს წევრებმა გამოხატეს ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და არაღიარების პოლიტიკის მიმართ.
“ნატო-ს ბრიუსელის სამიტზე მიღებულ კომუნიკეში მოკავშირეებმა დაადასტურეს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომ “საქართველო გახდება ნატო-ს წევრი“ და რომ “საქართველოს აქვს ყველა “პრაქტიკული ინსტრუმენტი, რათა მოემზადოს საბოლოო წევრობისთვის”. საგულისხმოა, რომ კომუნიკეში გაჩნდა ძალიან მნიშვნელოვანი ახალი პასაჟი, სადაც მოკავშირეები ხაზს უსვამენ საქართველოს სუვერენულ უფლებას აირჩიოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები და დაუშვებლად მიიჩნევენ ნებისმიერი მესამე მხარის ჩარევას ამ პროცესში. ზემოაღნიშნული არის ცალსახა გზავნილი, რომ ვერცერთ მესამე ძალას ვერ ექნება ვეტო-ს უფლება საქართველოს გაწევრიანების საკითხზე.
მოხარულები ვართ, რომ სათანადოდ დაფასდა ავღანეთში, ნატო-ს „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ ქართველი ჯარისკაცების თავდადება და პროფესიონალიზმი. კომუნიკეში მოკავშირეებმა განსაკუთრებული მადლიერება გამოხატეს საერთო ევრო-ატლანტიკურ უსაფრთხოებაში საქართველოს კონტრიბუციასთან დაკავშირებით. მოკავშირეები ღიად მიუთითებენ, რომ ოპერაციებში მონაწილეობით საქართველომ დაამტკიცა, რომ შესწევს უნარი სრულად იტვირთოს კოლექტიური თავდაცვის პასუხისმგებლობა და მომავალში იყოს ალიანსის ღირსეული წევრი.
საგულისხმოა, რომ კომუნიკეში გაჩნდა კიდევ ერთი ახალი და ძალიან მნიშვნელოვანი ფორმულირება ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით, რომელიც შეიცავს ადგილზე არსებული ვითარების ძალიან სწორ და მკვეთრ შეფასებას. ტექსტში ნათქვამია, რომ რუსეთის ფედერაცია „ძალადობრივი“ მეთოდებით ახდენს ორი ოკუპირებული რეგიონის მოწყვეტას დანარჩენი საქართველოსგან. მეტიც, კომუნიკეში პირდაპირ არის მოწოდებული რუსეთის ფედერაციისადმი შეწყვიტოს ბორდერიზაცია, საქართველოს მოქალაქეთა გატაცება, მათი უკანონო გასამართლება და შევიწროვება.
ამასთან, მოკავშირეებმა ასევე მოუწოდეს რუსეთს შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, გაიყვანოს საკუთარი შეიარაღებული ძალები საქართველოს ტერიტორიიდან და უარი თქვას საქართველოს რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარებაზე. ასევე საგულისხმოა, რომ კომუნიკეში მოკავშირეები გამოხატავენ მზადყოფნას კიდევ უფრო გააღრმავონ საქართველოსთან შავი ზღვის უსაფრთხოების კუთხით არსებული თანამშრომლობა, რაც უმნიშვნელოვანესია რეგიონში სტაბილურობის უზრუნველსაყოფად” , – აღნიშნა ზალკალიანმა.