მართლაც უაღრესად მნიშვნელოვანი მოვლენაა გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს ხელისუფლებამ, პირადად პრემიერ-მინისტრმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ამ უაღრესად სერიოზული საკითხის გადაჭრაში, – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა „ქრონიკაში“ აზერბაიჯანის მიერ სომხეთის 15 მოქალაქის გათავისუფლების ფაქტი შეაფასა.
„ეს შემთხვევაა სწორედ ის რისკენაც ყოველთვის მიისწრაფოდა ჩვენი ქვეყანა, რომ საქართველოს შეესრულებინა მნიშვნელოვანი როლი რეგიონში. საზოგადოებამ კარგად იცის, რომ ჩვენი მხრიდან მუდმივად იყო შეთავაზება, რომ თბილისი გამხდარიყო პლატფორმა დიალოგისთვის სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. ვფიქრობ ამ მიმართულებით პირველი სერიოზული ნაბიჯი გადაიდგა. სწორედ ჩვენი ქვეყნის როლის, ფუნქციის წინ წამოწევის თვალსაზრისით“, – განაცხადა ზალკალიანმა.
მისი თქმით, სამხრეთ კავკასიას, როგორც არასდროს ისე ესაჭიროება მშვიდობა და განვითარება. „აქ მართლაც ძალიან დიდი სამუშაო იყო გაწეული ბოლო დღეების განმავლობაში. უშუალოდ პრემიერ-მინისტრი იყო 24 საათიან რეჟიმზე გადასული და ჩართული მოლაპარაკებებში, რა თქმა უნდა ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად. დელეგაციას, რომელსაც სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი ფილიპ რიკერიხელმძღვანელობდა, რამდენიმე დღის წინ ვუმასპინძლეთ თბილისში. ამის შემდეგ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაცია გაემგზავრა რეგიონში. ისინი იმყოფებოდნენ ერევანსა და ბაქოში. შემდეგ დაბრუნდნენ თბილისში და მოლაპარაკებები აქ გაგრძელდა. აშკარაა და ყველა ხედავს, რომ რაც მოლაპარაკების პროცესში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ჩაერთო, ჩვენ ყველა მიმართულებით მაქსიმალური ძალისხმევა გავწიეთ იმისთვის, რომ ეს ჰუმანიტარული აქტი განხორციელებულიყო“, – განაცხადა ზალკალიანმა.
შეგახსენებთ, ირაკლი ღარიბაშვილის ფასილიტაციითა და ფილიპ რიკერის ჩართულობით, აზერბაიჯანულმა მხარემ კონფლიქტის დროს დაკავებული სომხეთის 15 მოქალაქე გაათავისუფლა.