ნინო ლომჯარია: მიმდინარეობს სერიოზული ზეწოლა ნინოწმინდის პანსიონის როგორც არასრულწლოვან, ისე – სრულწლოვან ბენეფიციარებზე, რომლებმაც საკუთარი მძიმე გამოცდილების შესახებ ისაუბრეს
“მიმდინარეობს ძალიან სერიოზული ზეწოლა ნინოწმინდის პანსიონის როგორც არასრულწლოვან, ისე – სრულწლოვან ბენეფიციარებზე, რომლებმაც საკუთარი მძიმე გამოცდილების შესახებ ისაუბრეს”, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ განაცხადა.
მისი თქმით, ზეწოლა მომდინარეობს ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებული პირებისგან და, მათ შორის სასულიერო პირებისგან.
„დღეს ერთ -ერთი მთავარი პრობლემა, რაც ნინოწმინდის პანსიონში მიმდინარე მოვლენების პარალელურად გამოიკვეთა, არის ის, რომ მიმდინარეობს ძალიან სერიოზული ზეწოლა როგორც არასრულწლოვან, ისე – სრულწლოვან ბენეფიციარებზე, რომლებმაც საკუთარი მძიმე გამოცდილების შესახებ ისაუბრეს სამართალდამცველ ორგანოებთან ან აპირებენ, რომ მისცენ ჩვენებები. ეს ზეწოლა მომდინარეობს სწორედ ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებული პირებისგან და, მათ შორის, სასულიერო პირებისგან. ამ ვითარებაში ამ ადამიანებს დახმარებას უწევენ სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციები და ზოგადად მიმაჩნია, რომ არასამთავრობო სექტორმა ამ და ადამიანის უფლებების სხვა მრავალ საკითხთან დაკავშირებით ძალიან მნიშვნელოვანი და პოზიტიური როლი შეასრულა. ხშირ შემთხვევაში ჩვენი მოქალაქეებისათვის ისინი ხშირად წარმოადგენენ ერთ -ერთ უკანასკნელ იმედს და ვფიქრობ, არასამთავრობო სექტორი ძალიან წარმატებით ახერხებს, იყოს მოწოდების სიმაღლეზე, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.