„ოგანეზოვა ჩემს საქმიან რეპუტაციას ტყუილის გავრცელებით ლახავს“ – ალექსანდრე ბეჟენცევი

„საქართველოს რუს თანამემამულეთა ორგანიზაციის“ საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ალექსანდრე ბეჟენცევი ჟურნალისტ მირანდა ოგანეზოვას ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ ოგანეზოვა ტყუილებით მის საქმიან რეპუტაციას ლახავს.
„ოგანეზოვამ უკვე უშედეგოდ მიმართა პროკურატურას, სახალხო დამცველს, „ჟურნალისტური ეთიკის ქარტიასა” და ბევრ სხვა ორგანიზაციას. ის რეკავს სხვადასხვა ადამიანთან, წერს წერილებს, ჩემს საქმიან რეპუტაციას ტყუილის გავრცელებით ლახავს.
ბოლო სტატიის შემდეგ მაიძულა, მომეხდინა რეაქცია და ჩემი საჩივარი ქარტიის მიერ იქნა მიღებული“, – აცხადებს ბეჟენცევი „კვირასთვის“ მოწერილ წერილში.
ჟურნალისტი, გაზეთ “თანამემამულეს” ყოფილი მთავარი რედაქტორი, მირანდა ოგანეზოვა ბეჟენცევს ზეწოლასა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ჩარევაში ადანაშაულებს.

ამის შესახებ ოგანეზოვამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
ოგანეზოვას თქმით, ბეჟენცევი აიძულებდა, მის ყოფილ კოლეგაზე შეურაცხმყოფელი და არაეთიკური მასალა მოემზადებინა. მან აღნიშნულთან დაკავშირებით „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიასაც“ მიმართა.
რაც შეეხება ქარტიის საბჭოს პოზიციას, ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ გამოცემა „თანამემამულე“ ვერ შეფასდება მედიად და ჟურნალისტურ საქმიანობად.
„განსახილველ შემთხვევაში წარმოდგენილი იყო რუსულენოვანი ბეჭდური გამოცემა – „თანამემამულე“ (соотечественник). თავად აღნიშნული გამოცემა თავის თავს აღწერს, როგორც „საქართველოში რუს თანამემამულეთა ორგანიზაციების საკოორდინაციო საბჭოს გაზეთი“, საქმის განხილვის დროს გამოიკვეთა, რომ აღნიშნული გამოცემა არ ვრცელდება საჯაროდ, არ არის განკუთვნილი ფართო აუდიტორიისათვის, არ აღიქმება საზოგადების მიერ, როგორც ინფორმაციის გამავრცელებელ საშუალებად და განკუთვნილია მხოლოდ რუს თანამემამულეთა წრისათვის, რათა მათ მიიღონ ინფორმაცია თანამემამულეთა საკოორდინაციო საბჭოს საქმიანობის შესახებ. მეორე მხრივ, მედიის დამახასიათებელი თვისებაა, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის, რაც ამ შემთხვევაში სახეზე არ გვაქვს.

განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (აუდიოფაილები, მიმოწერა) უფლებამოსილი ორგანოების მიერ (სახალხო დამცველი, სასამართლო, სამართალდამცავი უწყებები) მათი კომპეტენციის ფარგლებში, შესაძლებელია, შეფასებული იქნას დისკრიმინაციად, ზეწოლად, მაგრამ მათზე ვერ იმსჯელებს ქარტიის საბჭო, ვინაიდან, როგორც აღინიშნა, გამოცემა „თანამემამულე“ ვერ შეფასდება მედიად და ჟურნალისტურ საქმიანობად“, – წერია ქარტიის საბჭოს განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები