კახა კალაძე: სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე თუ ავტობუსის ზოლში გაჩერდება ავტომანქანა, თუნდაც, დრაივზე რიგის დაკავების მიზნით – დაჯარიმდება
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, “მაკდონალდსთან” თუ ავტობუსის ზოლში გაჩერდება ავტომანქანა, თუნდაც, დრაივზე რიგის დაკავების მიზნით – დაჯარიმდება.
„ერთ-ერთი პრობლემური სატრანსპორტო მონაკვეთი გვაქვს სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, რადგან აქ ფუნქციონირებს „მაკდონალდსის დრაივი“ და პიკის საათებში დგება მომლოდინე ავტომანქანების რიგი, რომელიც აკავებს ავტობუსის ზოლს და აფერხებს საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილებას.
ბევრი ვიმუშავეთ ამ პრობლემასთან დაკავშირებით და ერთადერთი გადაწყვეტა არის ვიდეოსათვალთვალო კამერის დაყენება. იმ შემთხვევაში, თუ ავტობუსის ზოლში გაჩერდება ავტომანქანა, თუნდაც დრაივზე რიგის დაკავების მიზნით და ის შეაფერხებს საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ის დაჯარიმდება. აქედან გამომდინარე, მინდა მოვუწოდო მძღოლებს, რომ ამ ადგილას არ დააკავონ ავტობუსის ზოლი, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ დაეკისრებათ ადმინისტრაციული სახდელი.
სატრანსპორტო საშუალებების მფლობელების მეტი ინფორმირების მიზნით, მინდა ვთხოვო თბილისის სატრანსპორტო კომპანიას, რომ ერთი ინსპექტორი იქ იდგეს გარკვეული პერიოდულობით და მძღოლებს მიაწოდოს ინფორმაცია, მიუხედავად იმისა, რომ შესაბამისი გამაფრთხილებელი ნიშანი დამონტაჟებულია“, – განაცხადა კალაძემ.