ალუდა ღუდუშაური: მიმდინარეობს მუშაობა და სახელმწიფო დგას მოწოდების სიმაღლეზე, თითოეული ბავშვი არის დაცული და კვლავაც ასე იქნება

“მიმდინარეობს მუშაობა და სახელმწიფო დგას მოწოდების სიმაღლეზე, თითოეული ბავშვი არის დაცული და კვლავაც ასე იქნება”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ გამოძიება დაწყებულია, ამ ეტაპისთვის ვერ იქნა შეკრებილი საკმარისი მტკიცებულებები, რათა კონკრეტული პირების ბრალეულობა გამოკვეთილიყო.

„არ არსებობს არანაირი დაწესებულება და უწყება, რომელიც ბავშვებთან დაკავშირებით რაიმე კითხვის ნიშანს დატოვებს ღიად. ეს გამორიცხულია. ამ საკითხის მოგვარებას პროცესის ზედმეტი დრამატიზება და ხელოვნურად შექმნილი ზედმეტი აჟიოტაჟი არამც და არამც ხელს არ უწყობს. მიმდინარეობს მუშაობა და სახელმწიფო დგას მოწოდების სიმაღლეზე. მინდა, ყველა დავარწმუნო, რომ თითოეული ბავშვი არის დაცული და კვლავაც ასე იქნება.

როდესაც ხელისუფლების რეაგირებაზეა საუბარი, პროკურატურას, როგორც ჩანს, ჰქონდა რამდენიმე საქმეზე გამოძიება დაწყებული და ვიხილეთ, მათ შორის, შსს-ს განცხადება ამ საკითხთან დაკავშირებით. ამავე დროს, აუცილებლად გასათვალისწინებელია, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში სახალხო დამცველისთვის თუ იყო ცნობილი, რომ გამოძიება მიმდინარეობდა, სამი-ოთხი წლის განმავლობაში კი არა, ერთი დღის დაგვიანებაც ძალიან ცუდია და კითხვის ნიშნებს აჩენს.

მიუხედავად იმისა, რომ გამოძიება დაწყებულია, ამ ეტაპისთვის ვერ იქნა შეკრებილი საკმარისი მტკიცებულებები, რათა კონკრეტული პირების ბრალეულობა გამოკვეთილიყო“, – განაცხადა ღუდუშაურმა.

შსს-მ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში აღსაზრდელების მიმართ შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები