მეუფე ნიკოლოზი: აუცილებლად შევუშვებთ სახალხო დამცველს ნინოწმინდის პანსიონში, მაგრამ წინასწარ უნდა მოვილაპარაკოთ პროცედურაზე
აუცილებლად შევუშვებთ სახალხო დამცველს ნინოწმინდის პანსიონში, მაგრამ წინასწარ უნდა მოვილაპარაკოთ პროცედურაზე, – ამის შესახებ მეუფე ნიკოლოზმა განაცხადა.
მისივე თქმით, აპარატის წარმომადგენლები ორი თვის წინ არ შეუშვეს პანსიონში, რასაც გარკვეული საფუძველი ჰქონდა.
„სახალხო დამცველის აპარატის წევრები არ შეუშვეს ორი თვის წინ, თორემ ადრე შედიოდნენ პანსიონში. მის მიმართ გაჩენილი ეჭვები არის არ შეშვების საფუძველი. რამდენადაც მეუფე სპირიდონიდან ვიცი, უხერხული შეკითხვები დაუსვეს ბავშვებს. ჩვენ ვამბობთ იმას, რომ არ უნდა იყოს სახალხო დამცველის უფლებები შეუზღუდავი და განუსაზღვრელი. ჩვენ შეგვაქვს ეჭვი მათ კეთილგანწყობასა და მათ მიერ ჩადენილი ქმედების ლეგიტიმურობაში. ჩვენ გვინდა, გავარკვიოთ, ვინ არის სახალხო დამცველის ზედამხედველი ორგანო, რომ ჩვენი პრეტენზიები წავაყენოთ და შევთანხმდეთ საკითხებზე. ჩვენ არ შევუშვით და რატომ არ აღასრულეს მისი ეს უფლება, თუ ეს ასეა. პარლამენტმა რეაგირება ხომ უნდა მოახდინოს ამაზე, არ შეიძლება, ვიღაცამ დაგვისვას შეკითხვა, რატომ არ ვუშვებთ, შეგვეკითხონ ეს იმათმა, ვისაც აქვს ამის დასმის უფლება.
როგორც ვიცი, მთავრობამ არ დაუკმაყოფილა ეს მოთხოვნა. ახლა ფიქრობენ, რომელ ინსტანციაში იჩივლონ. იჩივლონ და გაირკვეს სამართლებრივად, ჩვენც ეს გვინდა. ვფიქრობ, არ შეშვებაზე სახელმწიფოს მხრიდან თუ იქნებოდა რეაგირება, ჩემთვის უნდა ეთქვათ, რადგან ეპარქიის მმართველი ვარ, მაგრამ არავინ არ ყოფილა.
ჩვენ აუცილებლად შევუშვებთ სახალხო დმაცველს, მაგრამ წინასწარ უნდა მოვილაპარაკოთ პროცედურაზე. ჩვენ მის საქმიანობაში არ ვერევით, მაგრამ მხოლოდ სახალხო დამცველზეა ლაპარაკი და არავითარ შემთხვევაში მის აპარატზე, რომელიც არის დეპერსონალიზირებული და ხან ერთი გამოდის, ხან მეორე და რას აპირებენ, კაცმა არ იცის, ეჭვია მათ მიმართ, რომ არაკეთილსინდისიერად იქცევიან. სახალხო დამცველს შევხვდები და ძალიან ვეცდები, რომ პირადად შევიყვანო“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.
სახალხო დამცველის ინფორმაციით, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში სავარაუდო ძალადობის ფაქტებზე, 2016-2021 წლებში გამოძიება სისხლის სამართლის ოთხ საქმეზეა დაწყებული.