გიორგი ვაშაძე: ჩვენი ფრაქციის მთავარი მიზანია, ვიყოთ ხალხის ხმა პარლამენტში
„დღეს შეიქმნა კიდევ ერთი ფრაქცია, „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი“, რომელიც არის მრავალპარტიული”, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ფრაქციის მიზანი ხალხის პრობლემებზე საუბარი იქნება.
„დღეს შეიქმნა კიდევ ერთი ფრაქცია, „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი“, რომელიც არის, ხაზს ვუსვამ, მრავალპარტიული, არ არის ერთპარტიული ფრაქცია. მასში არიან დამოუკიდებელი დეპუტატები და ადამიანები, რომლებიც მართლაც დაგვეხმარნენ. ზურაბ ჯაფარიძე დაგვეხმარა, ფრაქცია შეგვექმნა. პირველ ყოვლისა, ფრაქცია, ეს არის მექანიზმი, უფრო ეფექტურად ვიმუშაოთ პარლამენტში. ფრაქციის სახელწოდება მოდის იმ შეთანხმებიდან, რომლითაც შემოვედით პარლამენტში და რომელი შეთანხმების რეალიზებაზეც ავიღეთ პასუხისმგებლობა ჩვენი ამომრჩევლის წინაშე. ჩვენი ფრაქციის მთავარი მიზანია, ვიყოთ ხალხის ხმა პარლამენტში, გავაკეთოთ მაქსიმუმი, საქართველოს მოქალაქეებმა იგრძნონ, რომ პოლიტიკა არის მათთვის, პარლამენტი არის მათთვის და არა მხოლოდ ელიტისთვის, რომელიც ელიტისტურ თემებზე საუბრობს ხოლმე. ჩვენი მიზანია, ვისაუბროთ ხალხის პრობლემებზე და ვაიძულოთ „ქართულ ოცნებას“ როგორც შეთანხმების შესრულება, ასევე ვაიძულოთ, ხალხის საჭირბოროტო საკითხებზე კონკრეტულად პასუხი გაგვცეს, მისცეს ხმა, როგორიცაა საპენსიო, უმუშევრობის, წამლის ფასების საკითხი, სასამართლო რეფორმა, უამრავი საკითხი, რომელსაც ჩვენ ვამუშავებთ. ჩვენ ვიქნებით ყველაზე აქტიური ჯგუფი, რათა მალე ცვლილებები შევიტანოთ ქვეყანაში“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
„სტრატეგია აღმაშენებელმა“, ზურაბ ჯაფარიძემ, გრიგოლ ვაშაძემ, ხათუნა სამნიძემ და ტარიელ ნაკაიძემ საპარლამენტო ფრაქცია შექმნეს.