მაია ბითაძე: მივესალმები, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბოლო 3 თვის განმავლობაში ათვისების პოზიტიური მაჩვენებელი აქვს

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის 3 თვის შესრულების მიმოხილვა მოისმინა.

ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, 2021 წლის ბიუჯეტი, როგორც ეპიდემიოლოგიური, ასევე ეკონომიკური კუთხით, მძიმე პირობებში დაიგეგმა. „გასულ წელს გვქონდა -6,2 % ეკონომიკური ვარდნა, რაც მიმდინარე წლის დასაწყისშიც გრძელდებოდა. მაგრამ უკვე მარტის თვიდან ზრდა ფიქსირდება. ახლახან გამოქვეყნებული აპრილის მაჩვენებლები შთამბეჭდავად გამოიყურება და ზრდის მაჩვენებელი 45%-მდე აღწევს.
შესაბამისად, 4 თვის მაჩვენებელი 8,4%-ია. ამაზე დაფუძნებით განახლდა პროგნოზები, რაც ფინანსთა სამინისტრომ პარლამენტს უკვე წარუდგინა. მან ყურადღება გაამახვილა საბიუჯეტო პარამეტრებზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით.
მისი თქმით, გასულ კვარტალში გაწეული ხარჯი 137 მლნ 203 ათას ლარს შეადგენს, რაც დაგეგმილი მაჩვენებლის 82%-ია. მიმდინარე დინამიკის გათვალისწინებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის საჭირო გახდება დამატებითი ხარჯების გამოყოფა, რაზეც მუშაობა უკვე მიმდინარეობს.

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის, მაია ბითაძის შეფასებით, „პოსტპანდემიურ პერიოდში ქვეყანა რომ გადასახადების სწორად და პოზიტიურად მობილიზებაზე საუბრობს, ვფიქრობ, იმის მაგალითია, თუ როგორ მართა ჩვენმა გუნდმა ქვეყანა, მათ შორის, ფინანსური კუთხით. ამ პანდემიის დროს არაერთი მიმართულების სუბსიდირება განხორციელდა, სწორედ ეს არის იმის ნათელი მაგალითი, რომ დღეს ჩვენ პოზიტიურ ტენდენციაზე ვსაუბრობთ. ასევე გვაქვს პოზიტიური ტენდენციები, მათ შორის ტურიზმის ხელახლა ამოქმედებისა და წინ წასვლის კუთხით, სადაც დაცულ ტერიტორიებს და ტყეების რეკრეაციული მიზნით გამოყენებას დიდი ადგილი უკავია.
მინდა, მივესალმო იმას, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ამ 3 თვის განმავლობაში ათვისების პოზიტიური მაჩვენებელი აქვს, რაც საფუძველს იძლევა, რომ სახელმწიფო ინვესტიცია მომდევნო წლების განმავლობაში ამ მიმართულებით იქნება“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები