საქართველო, უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირს “აღმოსავლეთ პარტნიორობის” ქვეყნებისთვის ვაქცინის გადაცემის მექანიზმის შემუშავებას სთხოვენ

საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის მთავრობების მეთაურებმა ხელი მოაწერეს ევროკომისიის პრეზიდენტისადმი ერთობლივ მიმართვას თხოვნით, შემუშავდეს “აღმოსავლეთ პარტნიორობის” ქვეყნებისთვის ვაქცინების გადაცემის მექანიზმი იგივე პრინციპით, რომელიც გამოყენებული იყო ბალკანეთის ქვეყნების მიმართ.

განცხადება უკრაინის მთავრობის საიტზე გამოქვეყნდა.

აღინიშნება, რომ ასეთი მიდგომა, პარტნიორი ქვეყნების სხვა მცდელობებთან ერთად, ხელს შეუწყობს ვაქცინის დეფიციტის თავიდან აცილებასა და გონივრულ ვადაში მის მიწოდებას.

”ასოცირებული ტრიოს ქვეყნები დარწმუნებულნი არიან, რომ მხოლოდ ყველა პარტნიორის ერთობლივი ძალისხმევა დაეხმარება ვაქცინაციის ტემპის ბალანსის აღდგენას წევრ სახელმწიფოებსა და პარტნიორ ქვეყნებში, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს COVID-19-ით გამოწვეული კრიზისის დაძლევას”, – ნათქვამია განცხადებაში.

დღესდღეობით მესამე ქვეყნები ევროკავშირისგან ვაქცინებს COVAX-ის პროგრამის საშუალებით იღებენ, რომელსაც აწარმოებენ ჯანმო და გაერო, ან – ორმხრივი შეთანხმებების საფუძველზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები