ხათუნა სამნიძე: მგონია, რომ სერიოზული შეცდომაა, როდესაც „ნაცმოძრაობა“ შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს არ აწერს
“რესპუბლიკური პარტიის“ წევრი, ხათუნა სამნიძე პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით “ნაციონალური მოძრაობის” გადაწყვეტილებას მიესალმება და აცხადებს, რომ ოპოზიცია საკანონმდებლო ორგანოში სრულფასოვნად უნდა იყოს წარმოდგენილი.
თუმცა, სამნიძის აზრით, სერიოზული შეცდომაა, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს არ აწერს.
„ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილებას მივესალმები, რომ პარლამენტს შემოუერთდეს. მნიშვნელოვანია, ოპოზიცია სრულფასოვნად იყოს წარმოდგენილი და ამით შევძლოთ, რომ „ქართულ ოცნებას“ სერიოზული ოპონირება გავუწიოთ და ისინი ვამხილოთ გამოწვევებსა და პრობლემებში. ვწუხვარ და მგონია, რომ სერიოზული შეცდომაა, „ნაციონალური მოძრაობა“ ხელს რომ არ აწერს შარლ მიშელის დოკუმენტს, რომელსაც წინ უსწრებდა მძიმე მოლაპარაკებები, დაუღალავად მუშაობდნენ პარტნიორები და სადაც ასახულია ფუნდამენტური რეფორმები, რათა მომავალში არ მივიღოთ იგივე კრიზისი. ამ პროცესში მნიშვნელოვანია, ოპოზიცია სრულად იყოს ჩართული, რათა ყველა პუნქტი შესრულდეს, რომელზეც „ქართული ოცნება“ ეცდება, საკუთარი ინტერპრეტაციები ჰქონდეს ან გააჩინოს შესაძლებლობა, ყველა პუნქტი არ შეასრულოს. ძალიან ვწუხვარ და იმედია, საკუთარ გადაწყვეტილებას გადახედავენ“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.