აშშ-ის კორონავირუსული და სხვა ტიპის ინფექციური დაავადებების ერთ-ერთი ექსპერტი, პიტერ ჰოტეზი მიიჩნევს, რომ აუცილებელია COVID-19-ის წარმოშობის დადგენა, წინააღდეგ შემთხვევაში, კაცობრიობა შესაძლოა, COVID-26-ისა და COVID-32-ის წინაშე აღმოჩნდეს.
ამის შესახებ მან NBC News-ის ეთერში განაცხადა.
“ეს არის XXI საუკუნეში კორონავირუსის მესამე მსხვილი ეპიდემია ან პანდემია (SARS-ისა და MERS-ის შემდეგ). დედაბუნება გვეუბნება, თუ რა მოხდება: იქნება COVID-26 და COVID-32, თუ სრულყოფილად არ გავიაზრებთ COVID-19-ის წარმოშობას”, – თქვა ექსპერტმა.
ჰოტეზმა ხაზი გაუსვა, რომ აუცილებელია ახალი კორონავირუსის “აფეთქების” წარმოქმნის დადგენა.
ამისათვის, მისი თქმით, საჭიროა ვუჰანში ვირუსოლოგების, ეპიდემიოლოგებისა და სხვა სპეციალისტების გაგზავნა. ექსპერტის თქმით, ადგილზე მათ მოუწევთ მონაცემებისა და საჭირო ნიმუშების შეგროვება.
ამავდროულად, ექსპერტმა აღნიშნა, რომ კორონავირუსის წარმოშობის შესახებ ინფორმაციის მიღება ძნელი იქნება ჩინეთთან ამ საკითხზე თანამშრომლობის გარეშე.
”მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ნამდვილად უნდა მოვახდინოთ ძლიერი ზეწოლა ჩინეთზე, შესაძლოა, სანქციების ჩათვლით, რათა გამოჩენილ ეპიდემიოლოგთა და ვირუსოლოგთა გუნდს შეუფერხებლად ჰქონდეს წვდომა ცხოველებზე, ადამიანებზე, ნიმუშებსა და ლაბორატორიებზე”, – თქვა ჰოტეზმა.