ზაალ უდუმაშვილი: დღეს გადაწყდება, „ნაციონალური მოძრაობა“ შევა თუ არა პარლამენტში
დღეს გადაწყდება, „ნაციონალური მოძრაობა“ შევა თუ არა პარლამენტში, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუამშვილმა განაცხადა.
როგორც უდუმაშვილმა აღნიშნა, მისი პოზიციაა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა იყოს პარლამენტში.
„საზოგადოებამ მოისმინა პარტიის წარმომადგენლობის პოზიციები, მათ შორის, ვინც პარლამენტში შესვლის მომხრეა და ვინც წინააღმდეგია. დღეს ეს პოზიციები შეჯერდება და მიღებული იქნება გადაწყვეტილება. დარწმუნებული ვარ, ეს გადაწყვეტილება დაფუძნებული იქნება იმაზე, თუ როგორი გზა ჯობია იმისთვის რომ, ჩვენ საბოლოო ამოცანა შევასრულოთ ჩვენს საზოგადოებასთან ერთად, რომელსაც ჰქვია ივანიშვილის ხელისუფლების ცვლილება. ჩემი პოზიციაა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა იყოს პარლამენტში. ვინაიდან პოლიტსაბჭო დღესაა, მე განწყობებზე წინასწარ არ ვისაუბრებ, დღეს ჩვენ ყველა არგუმენტს და პოზიციას კიდევ ერთხელ მოვისმენთ, – განაცხადა უდუმაშვილმა.