რა იქნება NEXTа- დიდი და ხანგრძლივი სანქციების  დასაწყისი ლუკაშენკოსთვის?

დღეს ალექსანდრე ლუკაშენკო  დსთ-ის ქვეყნების მეთაურებს შეხვდა, დღის მეორე ნახევარში კი ვლადიმერ პუტინს სოჭში ხვდება. რუსეთისა და ბელარუსის პრეზიდენტების საუბრის თემები კულტურულ-ჰუმანიტარული, სავაჭრო-ეკონომიკური და ენერგო სფეროების ორმხრივი განვითარება და გაღრმავებაა. ეს კი იმ ფონზე, რომ, ფაქტობრივად, მთელი ევროპა ბელარუსის ხელისუფლების წინააღმდეგ მასშტაბურ სანქციებს აწესებს, საკუთარ საჰაერო სივრცეს კეტავს და ერთიან პროტესტს  გამოხატავს. ალექსანდრე ლუკაშენკოს  ახლა მხოლოდ დსთ-ის ქვეყნებისა და, პირველ ყოვლისა, რუსეთის იმედი აქვს, რადგან 23 მაისს, რომან პროტასევიჩის გატაცების შემდეგ ევროკავშირმა გადაწყვიტა, რომ ბელარუსისთვის ეკონომიკური დახმარების პაკეტი გაყინოს, რომლის ოდენობა 3 მილიარდი ევროა. ეს კი გაგრძელდება მანამ, სანამ ქვეყანა „დემოკრატიული არ გახდება“. თუმცა, დემოკრატიულ საწყისებზე დაბრუნების ნიშანწყალი ლუკაშენკოს რეჟიმს არანაირად არ ეტყობა, რადგან მინსკი ისევ არაფრად აგდებს სიტყვის თავისუფლებას, ადამიანების უფლებებსა და უსაფრთხოებას. ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის თქმით, 23 მაისს მომხდარი ფაქტი საერთაშორისო სკანდალს წარმოადგენს, რომლის დროსაც ადამიანების სიცოცხლე საფრთხის ქვეშ დადგა, რაც მიუღებელია. ევროკომისიის ხელმძღვანელმა, ურსულა ფონ დერ ლაინენმა კი მომხდარი პირდაპირ „თვითმფრინავის გატაცებად“ შეაფასა. მისი თქმით, რომან პროტასევიჩი დაუყოვნებლივ უნდა იყოს განთავისუფლებული, ხოლო ზეწოლა მანამდე გაგრძელდება, სანამ ბელარუსი არ დაიწყებს მედიის, პრესისა და აზრის თავისუფლების პატივისცემას. 27 მაისს, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი –  ჰაიკო მასი სანქციების გამკაცრებაზეც ალაპარაკდა. მისი თქმით, თუკი ლუკაშენკო პოლიტიკას არ შეცვლის, ეს დიდი და ხანგრძლივი სანქციების სპირალის დასაწყისი გახდება. გერმანელი მინისტრის თქმით, წავიდა დრო, როცა ევროკავშირი მზად იყო ლუკაშენკოსთან დიალოგზე.

ევროკავშირის ქვეყნების ეს აღშფოთება, 23 მაისს ირლანდიური ავიაკომპანია „რაინარის“ ბორტის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს მოყვა. თვითმფრინავი, რომელიც ათენიდან ვილნიუსში მიფრინავდა, ბელარუსის ხელისუფლებამ ფეიკ-ნიუსის გაჟღერების შემდეგ იძულებით მინსკში დასვა ბორტზე მყოფი ორი მგზავრი,  ტელეგრამ-არხის NEXTA-ს დამფუძნებელი, 26 წლის აქტივისტი –  რომან პროტასევიჩი და მისი მეგობარი გოგო – სოფია საპეგა დააპატიმრა. აქტივისტების დაკავების შემდეგ, ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ პროტასევიჩი ქვეყანაში სისხლიანი ამბოხის მოწყობას აპირებდა. ახალგაზრდას უკვე შეუფარდეს წინასწარი პატიმრობა და მას 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ბელარუსის სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის უფროსმა, ივან ტერტელმა მას ,,ტერორისტი,, უწოდა და განაცხადა, რომ ახალგაზრდა მამაკაცი უკვე აძლევს აღიარებით ჩვენებას სპონსორებსა და დამკვეთების შესახებ. რამდენიმე დღის წინ კი გავრცელდა ვიდეო, სადაც თავად დაკავებული ამბობს, რომ  გამოძიებასთან თანამშრომლობს. 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს უკვე სტუდენტ სოფია საპეგასაც. იქედან გამომდინარე, რომ ლუკაშენკომ უფროსი რუსი „ძმის“ მსგავსი მმართველობის სტილით უკვე გამოიჩინა თავი და ცოტა ხნის წინ მასშტაბური საპროტესტო აქციები სისხლში ჩაახშო, პროტასევიჩის აღიარებით ჩვენების ცოტა ადამიანს თუ სჯერა.

საქმე ისაა, რომ მინსკის სასამართლომ  ტელეგრამ-არხი NEXTA და მისი ლოგოტიპი ექსტრემისტულად აღიარა. მინსკში დაადგინეს, რომ ამ ინტერნეტპროექტის მასალებში არის ექსტრემიზმისა და მასობრივი არეულობის ორგანიზაციის ნიშნები. 2020 წლის ნოემბერში ბელარუსის საგამოძიებო კომიტეტმა ამ არხის დამფუძნებლებს – პროტასევიჩსა და პუტილოს სისხლის სამართლის კოდექსის 3 მუხლით წაუყენა ბრალი, მათ შორის არის მასობრივი არეულობის ორგანიზების ბრალდებაც. ბელარუსი  სამართალდამცველები ამტკიცებენ,  თითქოს, ეს ორი ადამიანი ტელეგრამ-არხების მეშვეობით საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მასობრივ არეულობას აწყობდა. იგივე ბრალდება დევნილობაში მყოფ სვეტლანა ტიხანოვკსიას ქმარსა და სხვა რამდენიმე ოპოზიციონერ პოლიტიკოსსაც აქვთ წაყენებული.

ბელარუსში საპროტესტო ტალღის დროს ტელეგრამ-არხმა NEXTA-მ 2 მილიონზე მეტი გამომწერი შეაგროვა და 9-მილიონიან ბელარუსში ზე-პოპულარული გახდა. არხი აქტიურად აშუქებდა ლუკაშენკოს წინააღმდეგ გამართული აქციების ჩახშობის პროცესს. თუმცა, პროტასევიჩმა ეს არხი მალევე დატოვა და შექმნა ახალი, სახელად – „თავის ტვინის ბელარუსი“, რომელიც ხელისუფლებამ ასევე  ექსტრემისტულად აღიარა. ბელარუსის კაგებე-მ პროტასევიჩი  ტერორისტული საქმიანობასთან დაკავშირებულ პირთა სიაშიც შეიყვანა. საინტერესო შტრიხია-უშუალოდ პროტასევიჩის გატაცებამდე და დაპატიმრებამდე, ლუკაშენკომ პირადი ბრძანებით მის მამას პოდპოლკოვნიკის წოდება წაართვა, კაცს, რომელმაც ამ ქვეყნის არმიაში 30 წელი იმსახურა.

ალექსანდრე ლუკაშენკო პროტასევიჩის გატაცებასა და დაპატიმრებას იმითაც ამართლებს,  თითქოს, ამ ახალგაზრდამ  უკრაინაშიც „გამოიჩინა“ თავი და იქ პირდაპირ ადამიანებს კლავდა. პარლამენტში გამოსვლის დროს მან ბრძანა, რომ „რაინარის“ თვითმფრინავში ტერორისტი იჯდა, რომელიც უკრაინული ბატალიონის – „აზოვის“ ნაციონალურ დაჯგუფებაში იბრძოდა. კრემლის პროსახელმწიფო მედიაში კი პარალელურად გავრცელდა ძველი ფოტო, სადაც იარაღიანი ახალგაზრდაა გამოსახული და თითქოს ეს სწორედ პროტასევიჩია. მას ბოევიკის იარლიყი მაშინვე მიაწებეს. თუმცა, „აზოვის“ ყოფილმა მეთაურმა,  რადას მერვე  მოწვევის წევრმა, ანდრეი ბილეცკიმ უკვე გააკეთა კომენტარი და თქვა, რომ რომანი „აზოვთან“ ერთად იმყოფებოდა, როგორც ჟურნალისტი, ფოტოგრაფი და მხოლოდ მოვლენებს აშუქებდა. მან ამ ახალგაზრდას უწოდა “მძევალი”, რომელიც ტერორისტული მეთოდით არის ახლა დატყვევებული.

მიუხედავად ბელარუსის ხელისუფლების მტკიცებებისა, მსოფლიო არ აპირებს, შეეგუოს იმას, რომ ერთი ევროპული ქვეყნიდან მეორეში მიმავალ თვითმფრინავს გამანადგურებელი დაადევნეს, შექმნეს ფეიკი დანაღმვის შესახებ, აიძულეს პილოტი – მინსკში დაფრენილიყო, დააკავეს 2 ადამიანი და სხვა მგზავრები  7 საათი აეროპორტში იძულებით გააჩერეს. როგორც  უნდა ამართლებდეს ამ ქმედებებს ახლა მინსკი თუ მოსკოვი,  დემოკრატიული ქვეყნებისთვის ეს მოქმედებები მიუღებელია. ამიტომაც, ევროკავშირის ქვეყნებმა 24 მაისს მიიღეს გადაწვეტილება, რომ ბელარუსის ავიაკომპანიებისთვის ევროპული ცა და აეროპორტები უნდა დაიხუროს. ამის შემდეგ, ბელარუსის მთავარ აეროგადამზიდ  „ბელავია“-ს უამრავი  რეისის გაუქმება მოუწია. ექსპერტების ვარაუდით, ‘’ბელავია“ წლიური მოგების ნახევარს დაკარგავს, რაც 2020 წელს 210 მილიონ დოლარს შეადგენდა. თანაც მას მერე, რაც ევროპულმა ავიაკომპანიებმაც უარი თქვეს, ბელარუსის საჰაერო სივრცეში იფრინონ, სახელმწიფომ შესაძლოა, ავია ტრანზიტისგან მიღებული სარგოს წლიური ნახევარიც დაკარგოს.

მართალია, ლუკაშენკოსა და პუტინს ბევრი საერთო ჰქონდათ, მათ შორის, ჰოკეის სიყვარულიც, მაგრამ ახლა კიდევ ერთი გამოუჩნდათ – ორივემ პოლიტიკური ოპონენტები გაიტაცა და დააპატიმრა. მათ ქვეყნებსაც აქვთ საერთო-ევროპული სანქციები, რომლებიც მაშინ იწყებს მოქმედებას, როდესაც ხელისუფლება ადამიანებს ასე სასტიკად ექცევა. კიდევ ერთი სამწუხარო, მაგრამ რეალური მსგავსება ისიც არის, რომ ასეთი დანაშაულებების შედეგებს უბრალო მოქალაქეები იმკიან.

კომპანია „ბელავია“-მ, ლუკაშენკოს მოქმედებების შემდეგ, საკუთარ ვებგერდზე მოწყენილი თვითმფრინავის ფოტო გამოაქვეყნა, ბოდიში მოუხადა გაწბილებულ მგზავრებს და დაწერა, რომ ძალიან უნდა ისევ ევროპაში ფრენა. „ბელავია“-ს თვითმფრინავები მთელს მსოფლიოში პოპულარული ინტერნეტ-თამაში World of Tanks-ის  ფერებშია შეღებილი, რადგან ეს თამაში ბელარუსი „გეიმერების“ შექმნილია და ამ ქვეყანაში ამ ფაქტით ამაყობენ. თუმცა, როგორც ჩანს, ალექსანდრე ლუკაშენკოს საკუთარი Game აქვს, სადაც ის მოქმედებებს მხოლოდ ვლადიმერ პუტინისგან „აკოპირებს“ და ცივილიზებული თამაშის წესებს არ აღიარებს.

ვერა შიხიაშვილი

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები