ალეკო ელისაშვილი – რეგლამენტში ცვლილებებზე: თამაში რომ არის, “მაშ რამდენი”, ასეა დაახლოებით
“მოქალაქეების” ლიდერი, ალეკო ელისაშვილი რეგლამენტში შესატან ცვლილებებს ეხმაურება, რომლის მიხედვითაც პარლამენტში პოლიტიკური ჯგუფის ჩამოყალიბების საშუალება არანაკლებ 4 დეპუტატს შეუძლია.
ელისაშვილის თქმით, იდეა კარგია, რადგან სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფს პარლამენტის საქმიანობის უკეთ წარმართვის შესაძლებლობას აძლევს.
“თავად ფაქტი, რომ დაიწიოს დეპუტატების რაოდენობამ ფრაქციის შესაქმნელად, არის კარგი, რომ სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფს მეტად გაეხსნას ხელ-ფეხი პარლამენტის საქმიანობის უკეთ წარმართვისთვის. იდეა არის კარგი, თუმცა, ჩვენ დავსვით კითხვა და ვისურვებდით, ამ ცვლილებებში აისახოს – რატომ 4 და რატომ არა, მაგალითად, 3 ან 2 ან 1. თუკი არსებულ რეალობაზე რეგლამენტის მორგებას ვგულისხმობთ, ნათელაშვილი, მაგალითად, არ კადრულობს, მართალია და არ შემოდის, მაგრამ ერთი ადამიანია. ჩვენ, „მოქალაქეებს“ 2 დეპუტატი წარმოვადგენთ და ა.შ. თამაში რომ არის, “მაშ რამდენი”, ასეა დაახლოებით, რატომ 4 და არა 2?”, – განაცხადა ელისაშვილმა.