სემეკ-მა შპს „თბილისი ენერჯის“ სამომხმარებლო ტარიფი დააკორექტირა
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 27 მაისის საჯარო სხდომაზე შპს „თბილისის ენერჯისთვის“ დადგენილი სამომხმარებლო ტარიფის კორექტირებაზე იმსჯელა და მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება.
შპს „თბილისი ენერჯის“ კორექტირებულმა სამომხმარებლო ტარიფმა შეადგინა 53.972 თეთრი/კუბ.მ დღგ-ს ჩათვლით. ტარიფი ძალაში შევა 2021 წლის 1-ელი ივნისიდან. ტარიფის კორექტირება განპირობებულია ქ. თბილისის უსაფრთხო და საიმედო გაზმომარაგების უზრუნველყოფით. შპს „თბილისი ენერჯისთვის“ სამომხმარებლო ტარიფების დადგენის მიზნით სემეკ-ში საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო მიმდინარე წლის 18 თებერვალს.
ტარიფის ცვლილების საფუძველს წარმოადგენს ბუნებრივი გაზის ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიის 28-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე სემეკში შესული შპს „თბილისი ენერჯის“ მოთხოვნა ტარიფების კორექტირებასთან დაკავშირებით. შპს „თბილისი ენერჯისთვის“ 2021 წლის 1 -ელ ივნისამდე მოქმედი ტარიფი შეადგენს 46.138 თეთრ/კუბ.მ დღგ-ს ჩათვლით.