ნიკა მელიას ადვოკატი: ამ წუთამდე ჩვენთვის ცნობილი არ არის, მოწმეების დაკითხვას აპირებენ დღეს პროცესზე თუ ისევ ვიდეომასალის გამოქვეყნებით დაკავდებიან
თბილისის საქალაქო სასამართლოში “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას პროცესი იწყება. მიმდინარეობს მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპი. წინა პროცესზე ბრალდების მხარემ 20-21 ივნისის მოვლენების ამსახველი ვიდეო მტკიცებულებები წარადგინა.
ნიკა მელიას ადვოკატის, გიორგი კონდახიშვილის განცხადებით, კონკრეტულად რა მტკიცებულებების გამოკვლევას აპირებს დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარე, ამის შესახებ ინფორმაციას დაცვის მხარე არ ფლობს.
“დღესაც ბრალდების მხარის მიერ არ გვეცნობა, კონკრეტულად რა სახის მტკიცებულებების გამოკვლევას აპირებენ დღევანდელ პროცესზე. ეს არის შეთანხმების დარღვევა, თუ ეს ასე მოხდა. მოსამართლის მიერ როგორც წინა, ასევე იმის წინა პროცესზე იქნა მითითება, რომ ბრალდების მხარეს და დაცვის მხარეს უნდა ჰქონდეს კომუნიკაცია და უნდა მოხდეს შეჯერება და წინასწარ უნდა ეცნობოს მხარეებს მტკიცებულებების თაობაზე, რომლის გამოკვლევასაც მხარეები აპირებენ. დღეს, ამ წუთამდე ჩვენთვის ცნობილი არ არის მოწმეების დაკითხვას აპირებენ დღეს პროცესზე, თუ ისევ ვიდეომასალის გამოქვეყნებით დაკავდებიან”, – განაცხადა ადვოკატმა.