კახა კუჭავა: სიმბოლური დღეა, რადგან ზუსტად დამოუკიდებლობის დღეს გენერალმა აიხდინა თავისი ბოლო ოცნება და დაუბრუნდა დამოუკიდებელ, თავისუფალ საქართველოს
“დღეს გენერალი განსაკუთრებით ამაყი იქნებოდა, როდესაც ნახავდა თავისუფლების მოედანზე ჩვენს ნამდვილად ძლიერ ჯარს, იმ ახალგაზრდა ბიჭებს, რომლებმაც ფიცი დადეს, ემსახურონ საქართველოს”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ სამების საკათედრო ტაძრის ეზოში განაცხადა, სადაც გენერალ გიორგი კვინიტაძეს პატივი მიაგეს.
მისივე თქმით, დღეს სიმბოლური დღეა, რადგან ზუსტად დამოუკიდებლობის დღეს გენერალმა აიხდინა თავისი ბოლო ოცნება და დაუბრუნდა დამოუკიდებელ, თავისუფალ საქართველოს.
„დღეს ისტორიული დღეა – პატივს მივაგებთ, საქართველოს პირველი რესპუბლიკის ჯარების მთავარსარდალს, ეროვნულ გმირს, გენერალ გიორგი კვინიტაძეს. მის სახელს უკავშირდება პირველი თავდაცვითი ჯარის, ასევე იუნკერთა სასწავლებლის დაარსება. დღეს გენერალი განსაკუთრებით ამაყი იქნებოდა, როდესაც ნახავდა თავისუფლების მოედანზე ჩვენ ნამდვილად ძლიერ ჯარს, იმ ახალგაზრდა ბიჭებს, რომლებმაც ფიცი დადეს, ემსახურონ საქართველოს, ემსახურონ ჩვენს დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას. თავიანთი სიცოცხლის ფასად დაიცვან ის ღირებულებები, რომლებიც უმნიშვნელოვანესია თითოეული ქართველისთვის და რომელსაც სიცოცხლე შესწირეს ისეთმა გმირებმა, როგორებიც იყვნენ და არის გენერალი გიორგი კვინიტაძე. დღეს სიმბოლური დღეა, რადგან ზუსტად დამოუკიდებლობის დღეს გენერალმა აიხდინა თავისი ბოლო ოცნება და დაუბრუნდა დამოუკიდებელ, თავისუფალ საქართველოს. ჩვენ დღეს გვაქვს საშუალება, დავესწროთ მის მიბარებას იმ ადგილას, სადაც ბევრი მამულიშვილი, გამოჩენილი ქართველი, მისი თანაგუნდელია განსვენებული. მინდა მადლობა ვუთხრა გენერალი კვინიტაძის ოჯახს, თითოეულ იმ ადამიანს, რომელმაც ყველაფერი გაიღო ეს დღე რომ დამდგარიყო და გენერლის ნეშტი საქართველოში დაბრუნებულიყო“, – განაცხადა კუჭავამ.
საქართველოს პირველი რესპუბლიკის ჯარების მთავარსარდლის, ეროვნული გმირის, გენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტი საფრანგეთიდან სამშობლოში 22 მაისს ჩამოასვენეს. გენერალ გიორგი კვინიტაძეს მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დღეს სამხედრო პატივით დაკრძალავენ.