არჩილ თალაკვაძე: მომავალი წლის საგაზაფხულო სესიის ბოლომდე ყველა რეფორმა, რაზეც „ქართულმა ოცნებამ“ პასუხისმგებლობა აიღო, განხორციელებული იქნება
“მომავალი წლის საგაზაფხულო სესიის ბოლომდე ყველა რეფორმა, რაზეც „ქართულმა ოცნებამ“ პასუხისმგებლობა აიღო, განხორციელებული იქნება”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისი თქმით, რაც შეეხება სასამართლო რეფორმას, შარლ მიშელის დოკუმენტში ვადად ერთი წელია გაწერილი.
„როცა შარლ მიშელის დოკუმენტში გაწერილია სასამართლოს რეფორმის ვადა და ეს არის შემდეგი ერთი წელი, ჩვენი ოპონენტები აცხადებენ, რომ სასამართლოში ყოველგვარი პროცესი უნდა შეჩერდეს ერთი წლით, ანუ არ მოხდეს მმართველი ორგანოების დაკომპლექტება, მოსამართლეების განმწესება. რას ვეუბნებით, საზოგადოებას? სასამართლოს დამოუკიდებლობის განმტკიცებას ვიწყებთ მისი უფლებებისა და დამოუკიდებლობის შეზღუდვით. ანუ სასამართლოს ვეუბნებით, რომ თქვენ უფლება არ გაქვთ, წარადგინოთ მოსამართლეები, დააკომპლექტოთ საბჭო და კიდევ ერთი წლის განმავლობაში სასამართლო სისტემაში არანაირი გადაწყვეტილებები არ უნდა იყოს მიღებული. ეს არის სასამართლოს დამოუკიდებლობის განმტკიცება?
ჩვენ ვიხელმძღვანელებთ კონსტიტუციით და შეთანხმებით, სადაც ვადებია გაწერილი. მომავალი წლის საგაზაფხულო სესიის ბოლომდე ყველა რეფორმა, რაზეც „ქართულმა ოცნებამ“ პასუხისმგებლობა აიღო, განხორციელებული იქნება. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, სასამართლო სისტემაში არსებული პროგრესი შევაფასოთ – როგორი იყო სასამართლო, როცა ხელისუფლება ჩვენ ჩავიბარეთ და როგორია დღეს“, – განაცხადა თალაკვაძემ.