იაგო ხვიჩია: მე და კარლ ჰარცელი განსხვავებული ადამიანები ვართ, სავალდებულო ხომ არ არის, ერთმანეთს ვეთანხმებოდეთ
“მე და კარლ ჰარცელი განსხვავებული ადამიანები ვართ, სავალდებულო ხომ არ არის, ერთმანეთს ვეთანხმებოდეთ”, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
მისი თქმით, არჩევნებთან დაკავშირებულ საგამოძიებო კომისიას არავითარი პერსპექტივა არ აქვს.
„ხელი მოვაწერეთ შარლ მიშელის დოკუმენტს, რომელიც თავისი შინაარსით კომისიის არსებობას ეწინააღმდეგება, რადგან მივიღეთ გადაწყვეტილება 31 ოქტომბრის არჩევნებზე და „ქართული ოცნებისთვის“ 43-პროცენტიანი ბარიერი სწორედ ამიტომ არსებობს. უნდა ვიაროთ ამ და არა საგამოძიებო კომისიის შექმნის გზით, რომელსაც ყველამ ვიცით, არანაირი პერსპექტივა არ გააჩნია, საბოლოოდ, იქნება ფორმალობა, რომელიც რაღაც დოკუმენტს დადებს და მიიხურება.
მე და კარლ ჰარცელი განსხვავებული ადამიანები ვართ, სავალდებულო ხომ არ არის, ერთმანეთს ვეთანხმებოდეთ? კომისიის ერთ-ერთ სხდომაზე შეიარეთ, დააკვირდით და კარლ ჰარცელს თქვენც არ დაეთანხმებით. პრობლემა შინაარსთან გვაქვს, შემადგენლობას არ ვერჩით, მშვენიერი ადამიანები არიან“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებით, არჩევნებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისია არ არის ფორმალური და საჭიროა ოპოზიციის მონაწილეობაც.