ნიკოლოზ სამხარაძემ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საპარლამენტო უმრავლესობის დელეგაციის ვიზიტზე ისაუბრა

“ყველა პოლიტიკური პარტია, რომელსაც აქვს შანსი, რომ სექტემბრის არჩევნებში ჩამოაყალიბოს კოალიციური მთავრობა – არის როგორც ნატო-ში, ასევე, ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის უპირობო მხარდამჭერი”, – ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

სამხარაძემ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საპარლამენტო უმრავლესობის დელეგაციის ვიზიტზე ისაუბრა.

„ჩვენ გვქონდა შეხვედრები როგორც ბუნდესტაგში, ასევე, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და კანცლერის ოფისში. ბუნდესტაგში ჩვენ შევხვდით ყველა პოლიტიკური პარტიის საგარეო მიმართულების ხელმძღვანლებს. ყველა პოლიტიკური პარტია, რომელსაც აქვს შანსი, რომ სექტემბრის არჩევნებში ჩამოაყალიბოს კოალიციური მთავრობა – არის როგორც ნატო-ში, ასევე, ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის უპირობო მხარდამჭერი”,- აღნიშნა სამხარაძემ.

მისივე თქმით, შეხვედრებისას მხარეებმა ისაუბრეს იმაზე, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობა საქართველოსთვის შეიძლება, აღარ იყოს ის მიმზიდველი ფორმატი, რადგან ქვეყანამ უკვე გადადგა ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები ევროინტეგრაციის გზით.

„თითქმის ყველა პარტიის წარმომადგენელი დაგვეთანხმა, რომ საჭიროა ახალი მექანიზმებისა და ახალი ინსტრუმენტების მოფიქრება იმისათვის, რომ საქართველოს დაახლოება ევროკავშირთან კიდევ უფრო ჩქარი ტემპებით განხორციელდეს”, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

მისი თქმით, შეხვედრებისას საუბარი იყო იმ პრობლემებსა და რეგიონულ გამოწვევებზე, რომელიც საქართველოს აქვს. მისივე განმარტებით, საუბრის თემას ასევე წარმოადგენდა უკრაინასა და ყარაბაღში მიმდინარე მოვლენები.

„გერმანელები ძალიან კარგად გრძნობენ იმას, რომ საქართველოს სჭირდება უსაფრთხოების ქოლგა. ისინი შეგვპირდნენ, რომ ამ საკითხებს დააყენებენ ნატო-ს შემდგომ სამიტზე და ეს საკითხები მათი მხრიდან იქნება გათვალისწინებული”, – განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები