ივანე ჩხაიძე: „სინოვაკის“ ვაქცინის მიერ რამდენიმე კომპონენტში მიღებული შეფასება „სინოფარმის“ ვაქცინის შეფასებას აღემატება

„სინოვაკის“ ვაქცინის მიერ რამდენიმე კომპონენტში მიღებული შეფასება „სინოფარმის“ ვაქცინის შეფასებას აღემატება”, – ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის სტრატეგიულ მრჩეველთა ჯგუფის საბოლოო დასკვნის მიხედვით, „სინოვაკის“ ვაქცინა საკმაოდ ეფექტურია.

„ჩვენ გვაქვს დეტალური ანალიზი როგორც „სინოფარმის“, ასევე, „სინოვაკის“. ის შეფასება, რაც მიიღო „სინოვაკის“ ვაქცინამ რამდენიმე კომპონენტში, აღემატება იმ შეფასებას, რაც „სინოფარმის“ ვაქცინამ მიიღო. შესაბამისად, ეს ჩვენთვის დამაკმაყოფილებელი საფუძველია იმისთვის, რომ „სინოვაკი“ განვიხილოთ, როგორც საიმედო, ეფექტური და მინიმალურად გამოხატული გვერდითი მოვლენების მატარებელი ვაქცინა და მივცეთ რეკომენდაცია მას საქართველოში გამოყენებისთვის.

„სინოვაკს“ დღეისთვის 32 ქვეყანა იყენებს, 200 მილიონ დოზაზე მეტია ადმინისტრირებული. დამზადების ტექნოლოგია იდენტურია. ჩვენი გადაწყვეტილება განსაკუთრებით გაამყარა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის სტრატეგიულ მრჩეველთა ჯგუფის საბოლოო დასკვნამ, რომელიც მკაფიოდ მიუთითებს ამ ვაქცინის მაღალ ეფექტურობასა და უსაფრთხოებაზე. იმედი გვაქვს, უახლოეს დღეებში ეს ვაქცინა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციას მიიღებს“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები