რატომ არ ახმაურებენ “ნამოხვანჰესის” მოწინააღმდეგეები 23 მაისის აქციის დეტალებს

მოძრაობა „რიონის ხეობის მცველებმა“ ლანჩხუთსა და ოზურგეთში შეხვედრა გამართეს და მოსახლეობას სამოქმედო გეგმა დეტალების გარეშე გააცნეს.

ორგანიზატორებმა საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში შეხვედრების გამართვა უკვე დაიწყეს და მოსახლეობას მოუწოდებენ, თბილისში, 23 მაისს დაგეგმილ მასშტაბურ აქციაში მონაწილეობა მიიღონ.

ვარლამ გოლეთიანმა რეგიონებში გამართულ შეხვედრებზე სამოქმედო გეგმის დეტალების შესახებ არ ისაუბრა და აღნიშნა, რომ საორგანიზაციო ჯგუფი დეტალებს შეგნებულად არ ამხელს.

“ჩვენი შეკრებები უმნიშვნელოვანესია და პირველ რიგში რაოდენობრივი ზრდა უნდა გავაგრძელოთ, რომ გვქონდეს ხელისუფლებაზე ზემოქმედების ბერკეტი. ვიცით, რომ პარტიულ ინტერესში არ ვართ, კენჭისყრას და პარლამენტში შესვლას არ ვაპირებთ. ჩვენ ვართ ხალხი, რომლებიც კონცენტრირებული ვართ საქმის გადაწყვეტაზე, ამ მოცემულ მომენტში ეს საქმეა – “ნამოხვანი”, აქ გადის ბრძოლის ხაზი და აუცილებლად ჩვენი გამარჯვებით უნდა დასრულდეს ეს პროცესი, იმიტომ, რომ მართლები ვართ.

23 მაისს დედაქალაქში უნდა ვიყოთ ძალიან ბევრნი და ამით დავანახოთ ხელისუფლებას რამდენი ვართ, ამის შემდეგ გვაქვს კონკრეტული გეგმა, გაცხადებულია ჩვენი პოზიცია, რომ მშვიდობით ვაპირებთ საკითხის გადაჭრას, მაგრამ იმ გეგმას მაინც არ ვასახელებთ, რის გადადგმასაც ვაპირებთ”,- განაცხადა გოლეთიანმა.

ამ წუთებში „რიონის ხეობის მცველები” ჩოხატაურში მიემართებიან და მოსახლეობასთან შეხვედრას გამართავენ.

შეგახსენებთ, რომ მოძრაობა „რიონის ხეობის მცველებმა“ გუშინ საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა ცაგერის მოსახლეობასთან გამართა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები