სოზარ სუბარი: ნიკა მელიას შეუძლია, უარი თქვას ამნისტიაზე, არავის თანხმობა არ სჭირდება, ამნისტია ავტომატურად შედის ძალაში ყველა პირის მიმართ
“ნიკა მელიას შეუძლია, უარი თქვას ამნისტიაზე, არავის თანხმობა არ სჭირდება, ამნისტია ავტომატურად შედის ძალაში ყველა პირის მიმართ”, – ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა განაცხადა.
მისი თქმით, ამნისტია აუცილებლად იქნება მიღებული იმ ფორმით, რა ფორმითაც ეს არის გათვალისწინებული მიშელის დოკუმენტში.
„ნიკა მელიას ყოველთვის შეეძლო, გირაო გადაეხადა და არ შესულიყო ციხეში, გადაეხადა აქამდე და გამოსულიყო. შეუძლია, დღესვე გადაიხადოს, შეუძლია, ხვალ, შეუძლია, მიიღოს ევროკავშირში დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაციის მზადყოფნა, რომ გადაიხადოს გირაო და ამით გამოვიდეს. ეს არის მისი გადასაწყვეტი. თუ არ გადაიხდის, დაელოდება ამნისტიას. მას შეუძლია, უარი თქვას ამნისტიაზე. არავის თანხმობა არ სჭირდება, ამნისტია ავტომატურად შედის ძალაში ყველა პირის მიმართ, ვინც იმ კონკრეტული სამი მუხლით არ არის ბრალდებული.
ამნისტია აუცილებლად იქნება მიღებული იმ ფორმით, რა ფორმითაც ეს არის გათვალისწინებული მიშელის დოკუმენტში. ერთადერთი განსხვავება რაც ჩავდეთ, არის ცოტათი გამკაცრება, ცოტათი მეტი შემზღუდავი ნორმები. ეს შეეხება იმ ადამიანებს, რომლებმაც ჩაიდინეს წამებასთან გათანაბრებული დანაშაული, რომლებმაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანება ჩაიდინეს, ასეთ ადამიანებს არ შეეხებათ ამნისტია. ესეც გადახვევაა იმ გაგებით, რომ მიშელის დოკუმენტში წერია, რომ მთლიანად უნდა დაიხუროს 20 ივნისის ამბავი, რაც გულისხმობს, რომ პრაქტიკულად ყველას უნდა შეხებოდა. ჩვენი კანონპროექტი რასაც ითვალისწინებს, არის უფრო მკაცრი, ვიდრე ამას ითვალისწინებდა მიშელის დოკუმენტი. შესაბამისად, მისი გამოწვევა ვერ მოხდება“, – განაცხადა სუბარმა.