დავით ზალკალიანი: პანდემიამ დემარკაცია-დელიმიტაციის კომისიის საქმიანობა შეაფერხა, თუმცა მზაობა არის, რომ რაც შეიძლება სწრაფად განახლდეს

პანდემიამ დემარკაცია-დელიმიტაციის კომისიის საქმიანობა შეაფერხა, თუმცა მზაობა არის, რომ რაც შეიძლება სწრაფად განახლდეს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ბაქოში ვიზიტის შეჯამებისას განაცხადა.

მისი თქმით, ორივე მხრიდან არის მზაობა, რომ საკითხი, რაც შეიძლება სწრაფად მოგვარდეს.

„ვისაუბრეთ რა თქმა უნდა, ისეთ სენსიტიურ თემაზე, რაც დაკავშირებულია საზღვრის დემარკაცია – დელიმიტაციის საკითხთან. მინდა, დიდი კმაყოფილებით აღვნიშნო, რომ უმაღლეს დონეზე შეხვედრის დროს აღინიშნა, რომ ორივე მხარიდან არის მზაობა, ნება, რომ საკითხი რაც შეიძლება სწრაფად მოგვარდეს, ისე როგორც შეეფერება ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას; ისე როგორც შეეფერება ჩვენს ინტერესებს, ისე რომ არ დაზიანდეს არც ქართული მხარის , არც აზერბაიჯანული მხარის ინტერესი. ამის თქმის საფუძველს, რომ ეს მართლაც ასე იქნება, მაძლევს სწორედ დღეს გამართული შეხვედრები,სადაც კიდევ ერთხელ იქნა აღნიშნული, რომ საკითხი უსწრაფესად უნდა მოგვარდეს და ამისთვის მომავალში კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმევა.

ჩემს აზერბაიჯანელ კოლეგასთან, რა თქმა უნდა ამაზე საუბარი გვქონდა. პანდემიამ დემარკაცია-დელიმიტაციის კომისიის საქმიანობა შეაფერხა, თუმცა მზაობა არის, რომ რაც შეიძლება სწრაფად განახლდეს და იმ პრობლემურ თემებზე, რომელიც საზოგადოებას კარგად მოეხსენება, იყოს მიღებული, რაც შეიძლება სწრაფად გადაწყვეტილება, რომელიც არის მისაღები, როგორც აზერბაიჯანული, ასევე ქართული მხარისთვის“, – განაცხადა ზალკალიანმა.

დავით ზალკალიანმა ოფიციალური შეხვედრების დროს განხილულ სხვა საკითხებზეც ისაუბრა. როგორც მინისტრი აღნიშნავს, ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია, გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის ირაკლი ღარიბაშვილის პირველი ოფიციალური ვიზიტი მას შემდეგ რაც, პრემიერ-მინისტრად დაინიშნა.

„თავად ეს ფაქტი, რომ მან ეს ვიზიტი განახორციელა, მიანიშნებს იმაზე, რაოდენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან,აზერბაიჯანთან ურთიერთობების გაღრმავებას, როგორც ორმხრივ კონტექსტში, ისე მრავალმხრივი მიმართულებით. ძალიან ბევრი საერთო შეხების წერტილი არსებობს, ჩვენი ინტერესები, როგორც რეგიონში მიმდინარე მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებთან, სტრატეგიულ პროექტებთან, ასევე ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების თვალსაზრისით.

რა თქმა უნდა, რეგიონში შექმნილი ახალი გეოპოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანი იყო უმაღლეს დონეზე საუბრები პრემიერ-მინისტრსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტს შორის. ჩვენ როგორც სტრატეგიულ პარტნიორებს ძალიან გვჭირდება ინფორმაციის გაცვლა, ასევე პოზიციების შეჯერება, კოორდინირება და ამ თვალსაზრისითაც ეს ვიზიტი მართლაც უაღრესად მნიშვნელოვანი იყო”, – განაცხადა მინისტრმა.

დავით ზალკალიანის თქმით, აღინიშნა, რომ ორ მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს შორის ურთიერთობებში მნიშვნელოვანია პოზიტიური დინამიკის გაგრძელება.

„არის მზაობა, პოლიტიკური ნება ორივე მხარის მხრიდან და დარწმუნებული ვარ, ეს ვიზიტი თვისობრივად კიდევ უფრო ახალ დონეზე აიყვანს ჩვენს სტრატეგიულ პარტნირობასა და თანამშრომლობას.

რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ იმაზე, რომ აუცილებელია ისევე ეფექტურად გაგრძელდეს რეგიონში თანამშრომლობა გეოსტრატეგიული მნიშვნელობის პროექტების მიმართულებით. მოგეხსნებათ, რომ საქართველო-აზერბაიჯანს აკავშირებს, როგოროც სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, ისე გაზსადენი და ნავთობსადენები. ამ მხრივ თანამშრომლობა მართლაც იდეალურია. ახალი გეოპოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე ეს თანამშრომლობა ამ ვიზიტის შედეგად, დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ კიდევ უფრო გაძლიერდება და მნიშვნელოვან ახალ მიმართულებებს შეიძენს.

რა თქმა უნდა საუბარი იყო იმაზე, რომ ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით უამრავი შესაძლებლობები არსებობს. რა თქმა უნდა პანდემიამ, კოვიდმა გარკვეულწილად პრობლემები შექმნა, შეაფერხა ეკონომიკური თანამშრომლობა, მაგრამ მზაობა არის, როგორც აზერბაიჯანული, ასევე ჩვენი მხრიდან, რომ ეს თანამშრომლობა, კიდევ უფრო გაღრმავდეს და გაიზარდოს ეკონომიკური-სავაჭრო ბრუნვა ორ ქვეყანას შორის. ამას რა თქმა უნდა ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკის გახსნა. ტურიზმის მიმართულებით უაღრესად მნიშვნელოვანი შესაძლებლობებია აზერბაიჯანის მხრიდან საქართველოშ ტურისტების რაოდენობა პანდემიამდე იყო რეკორდული და ჩვენი სურვილია, რომ ეს მიმართულება ისევ იმ დონეზე დარჩეს და კიდევ უფრო განვითარდეს და გაღრმავდეს“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები