საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების მანიფესტი: პანდემიური რისკებიდან გამომდინარე, არ ვმართავთ მასშტაბურ საპირველმაისო აქციას

მთელს მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც, COVID-19-ის გავრცელებამ და მის შედეგად განვითარებულმა მოვლენებმა, ცხადყო ქვეყანაში ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკის განსაკუთრებული საჭიროება. ამის შესახებ „კვირას“ საქართველოს პროფკავშირებიდან აცნობეს.
„კორონავირუსმა მნიშვნელოვანი უარყოფითი გავლენა მოახდინა საქართველოში ეკონომიკურ აქტიურობაზე და შესაბამისად, ნეგატიურად აისახა, როგორც დასაქმებულებზე, ისე მთლიანად მოსახლეობაზე.

საქართველოს ასიათასობით მოქალაქემ დაკარგა სამუშაო ყოველგვარი კომპენსაციის გარეშე, ან გაურკვეველი ვადით გაუშვეს უხელფასო შვებულებაში.

უმუშევრობის დონე 2020 წელს 0,9%-იდან, 18,5%-მდე გაიზარდა. 1,3%-ით შემცირდა სამუშაო ძალა.

ქვეყანაში კვლავ მაღალია უთანასწორობა (ჯინის კოეფიციენტი 0.37), რაც გამოწვეულია იმ სოციალური და შრომის ბაზრის პოლიტიკით, რომელიც ათწლეულებია გრძელდება. საქართველოში არ არსებობს უმუშევრობის შემწეობა, მიზერულია მინიმულური ხელფასი, გადასახადები პროპორციულია (Flat rate), ეს ყველაფერი კი შემოსავლების გადანაწილებას უთანასწოროს ხდის.

კრიზისულ პერიოდში, 2020 წლის მე-2 კვარტალში, ხელფასები შემცირდა 2,6%-ით. გენდერული უთანასწორობა შრომით ბაზარზე კვლავ უდიდეს გამოწვევად რჩება. ქალისა და კაცის ხელფასებს შორის სხვაობა 36.2 %-ია, ხოლო დეკრეტული შვებულების ანაზღაურება მიზერული.

საარსებო შემწეობის მიმღებთა წილი მოსახლეობაში 2020 წლის იანვრიდან დეკემბრამდე 11,6%-დან 14,1%-მდე გაიზარდა (524 598 ადამიანი). გაიზარდა ასევე იმ პირთა რაოდენობა, რომლებიც რეგისტრირდებიან საარსებო შემწეობის მისაღებ ბაზაში და მოსახლეობის 27% შეადგინა.

კრიზისულმა სიტუაციამ ნათლად წარმოაჩინა, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა ენიჭება საზოგადოების სოლიდარულობას, ასევე უნივერსალური სამართლიანობის განცდას.

ამდენად, გადაუდებელი აუცილებლობაა, ყველა დასაქმებულის ღირსეული მინიმალური ხელფასით უზრუნველყოფა, უმუშევრობის შემწეობის დადგენა, ქალისა და კაცის ხელფასებს შორის სხვაობის შემცირება და აღმოფხვრა, დასაქმებულების ღირსეული შრომის პირობებით უზრუნველყოფა და შრომისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა, ეფექტიანი საპენსიო რეფორმის განხორციელება, მომავალში სოციალური დაცვის ეფექტიანი და მდგრადი გარანტიების შექმნა და დანერგვა. ისევე, როგორც კოლექტიური მოლაპარაკებებისა და სოციალური დიალოგის წახალისება და სოციალური კულტურის ნაწილად დამკვიდრების ხელშეწყობა.

სახელმწიფოს მხრიდან აუცილებელია ჰესების, ინფრასტრუქტურული პროექტების და ა.შ თაობაზე გადაწყვეტილების მიღების პროცესსა და განხორციელებაში საზოგადოების ფართო ჩართულობა. მითუმეტეს, რომ ამგვარი პროექტები ხანგრძლი ვადით აისახება ქვეყნის ეკოლოგიასა და მოსახლეობის სოციალურ ყოფაზე.

ქვეყანაში კვლავ მაღალია არაფორმალური დასაქმება (36%), რის გამოც ასიათასობით ადამიანი ყოველგვარი შრომითი და სოციალური გარანტიების მიღმაა დარჩენილი, სახელმწიფო ბიუჯეტი კი ასობით მილიონ ლარს კარგავს. არაფორმალი მშრომელი ადამიანების მდგომარეობა უტოლდება არალეგალი მიგრანტების უფლებრივ მდგომარეობას, დაბალი სოციალური პასუხისმგებლობის ქვეყნებში. შესაბამისად, აუცილებელია არაფორმალური დასაქმების ფორმალიზება და ყველა დასაქმებულის დაცვის თანაბარი შესაძლებლობით უზრუნველყოფა.

ამ ფონზე მნიშვნელოვანია სახელმწიფომ გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები,რათა დასაქმება და სამუშაო ადგილების შექმნა გახდეს ქვეყნის ძირითადი პრიორიტეტი. რაც საბოლოო ჯამში ხელს შეუწყობს ქვეყანაში სიღარიბის დაძლევასა და მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური და შრომითი უფლებების დაცვას“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება მიმართავს საქართველოს ხელისუფლებას და მთავრობას.

„შეიმუშაოს არსებულ გამოწვევებზე მორგებული დასაქმების პოლიტიკა და ხელი შეუწყოს მის ეფექტიან განხორციელებას ქვეყანაში;
პრიორიტეტად აქციოს პროფესიული და დუალური განათლება;
შექმნას დასაქმებულის უფლებებზე ორიენტირებული სოციალური პოლიტიკა, რის ფარგლებშიც უნდა წახალისდეს სოციალური დიალოგი და კოლექტიური მოლაპარაკებები;
დაინერგოს უმუშევრობის შემწეობა და ხელი შეეწყოს მინიმალური ხელფასის რეგულირების საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზაციას;
შრომის უსაფრთხოება აღიარებულ იქნას შრომის ფუნდამენტური უფლებად, ხოლო Covid- 19 პროფესიულ დაავადებად;
განისაზღვროს დეკრეტული შვებულების ღირსეული ანაზღაურება;
გენდერული ნიშნით სახელფასო სხვაობის შესამცირებლად შემუშავდეს შრომის ღირებულების გაზომვის მეთოდოლოგია;
უზრუნველყოფილი იქნას უსაფრთხო და თანასწორი გარემო შრომით ურთიერთობებში;
არაფორმალურად დასაქმებულთა შრომითი უფლებები ისევე უნდა იქნეს დაცული, როგორც ფორმალურად დასაქმებულების.
დაწესდეს 8 საათიანი სამუშაო დღე და ზეგანაკვეთური შრომის არანაკლებ 125 % – იანი ანაზღაურება.

პროფესიული კავშირის თითოეული წევრი ვაცნობიერებთ რა, მთელი ერის და ზოგადად კაცობრიობის მიერ ერთმანეთთან სოლიდარობის მნიშვნელობას, მიგვაჩნია, რომ კრიზისის დაძლევა მხოლოდ მაღალი სოციალური პასუხიმგებლობით, ღირსეული შრომის პირობების უზრუნველყოფით, სამართლიანი ანაზღაურებითა და ღირსეული სოციალური დაცვის გარანტიებით მიიღწევა.

ქვეყანაში ჩატარებული ყველა კვლევა მოწმობს, რომ საქართველოს მოსახლეობის მთავარი გამოწვევებია: სიღარიბე, უმუშევრობა, დასაქმებასთან დაკავშირებული პრობლემები… პოლიტიკოსებს კი სამწუხაროდ, სულ სხვა დღის წესრიგი აქვთ.

წელს, პანდემიური რისკებიდან გამომდინარე, არ ვმართავთ მასშტაბურ საპირველმაისო აქციას. მიგვაჩნია, რომ ანალოგიური სახელმწიფოებრივი მიდგომით უნდა იხელმძღვანელოს ხელისუფლებამ დასაქმებულთა უფლებებთან და გამოწვევებთან მიმართებაში და შესაბამისად, ჩვენი ინიციატივები უმოკლეს ვადაში, აისახოს მის სოციალურ – ეკონომიკურ პოლიტიკაში.

იქნება სოლიდარობა ყველაფერი გამოვა!,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები