დავით ზალკალიანმა ვიშეგრადის მინისტერიალზე, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მომავალ სამიტზე საქართველოს პრიორიტეტებზე ისაუბრა
საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ვიშეგრადის ჯგუფისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში მონაწილეობდა. შეხვედრა ვიდეო-კონფერენციის ფორმატში, პოლონეთის თავმჯდომარეობის ეგიდით გაიმართა.
მინისტერიალში ასევე მონაწილეობდნენ ევროკომისარი სამეზობლოსა და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეი, ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალური მდივანი, სტეფანო სანინო და პორტუგალიის, ფინეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრები.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრი სიტყვით გამოვიდა მინისტერიალის ორ სესიაზე. პირველ სესიაზე დავით ზალკალიანმა ისაუბრა აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში უსაფრთხოების მიმართულებით არსებულ პრობლემატიკაზე. ყურადღება გაამახვილა რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაციის პოლიტიკასა და დე-ფაქტო ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯებზე, ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე განხორციელებულ უკანონო და პროვოკაციულ ქმედებებზე. მინისტრმა ხაზი გაუსვა აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი გადაწყვეტის მნიშვნელობას ევროპული უსაფრთხოების განმტკიცების პროცესში. მადლიერება გამოხატა ევროკავშირის მხრიდან კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში გაწეული ძალისხმევისთვის და ხაზი გაუსვა სამშვიდობო პროცესებში ევროკავშირის ჩართულობის გაძლიერების აუცილებლობას. მეორე სესიაზე მინისტრის გამოსვლა მიეძღვნა უშუალოდ აღმოსავლეთ პარტნიორობასა და მის მომავალს.
დავით ზალკალიანმა ისაუბრა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტიდან დაკავშირებით საქართველოს მოლოდინებზე და იმედი გამოთქვა, რომ სამიტი დაადასტურებს ასოცირებული პარტნიორების ევროპული არჩევანისა და მისწრაფებების მიმართ მხარდაჭერას. საკუთარ გამოსვლაში დავით ზალკალიანმა ასევე ხაზი გაუსვა დიფერენციაციის პრინციპის როლს, რომელიც ასახავს პარტნიორების განსხვავებულ მისწრაფებებს, ამბიციებსა და შესაძლებლობებს და ამ კონტექსტში მინისტერიალის მონაწილეებს გაუზიარა საქართველოს მოლოდინი სამიტზე ისეთი ამბიციური მიზნის დასახვაზე, როგორიცაა ასოცირებული პარტნიორების ევროკავშირის ერთიან ბაზარში ეტაპობრივი და სრული ინტეგრაცია. მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა დაკავშირებულობაზე, რაც მათ შორის, ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შესრულებას შეუწყობს ხელს. დავით ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა ევროკავშირს კოვიდ პანდემიასთან გამკლავებაში აღმოჩენილი დახმარებისთვის და იმედი გამოთქვა, რომ კვლავ გაგრძელდება მიზანმიმართული დახმარება, მათ შორის ევროკავშირის დამატებით ფონდებსა და პროგრამებზე წვდომის მიღებით. სოციალურ-ეკონომიკური რეაბილიტაციის კონტექსტში მინისტრმა ხაზი გაუსვა აღმოსავლეთ პარტნიორობისთვის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის შემუშავების აუცილებლობას. მინისტერიალის დასრულების შემდეგ, აღმოსავლეთ პარტნიორობასა და დაგეგმილ სამიტზე ვიშეგრადის ოთხეულის ერთობლივი განცხადება მიიღეს.