ირაკლი ღარიბაშვილი: Pfizer-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარესა და აღმასრულებელ დირექტორ ალბერტ ბურლასთან Pfizer-ის დამატებით მილიონი დოზის მოწოდების საკითხი განვიხილეთ

“ვაგრძელებთ ინტენსიურ მოლაპარაკებებს ვაქცინების მწარმოებლებსა და პარტნიორ სახელმწიფოებთან ვაქცინის დამატებითი დოზების რაც შეიძლება მოკლე ვადაში მობილიზების მიზნით”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” საკუთარ გვერდზე წერს. მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ Pfizer-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარესა და აღმასრულებელ დირექტორ ალბერტ ბურლასთან სატელეფონო საუბრისას Pfizer-ის დამატებით მილიონი დოზის მოწოდების საკითხი განიხილა.

„ვისაუბრეთ საქართველოში Pfizer-ის დამატებითი დოზების მიღების კუთხით ლოჯისტიკურ და ტექნიკურ მზადყოფნაზე, მათ შორის, ულტრა ცივი ჯაჭვის სისტემის კუთხით, ასევე – ვაქცინაციის პროცესის მიმდინარეობაზე. აღვნიშნე, რომ Pfizer-ის ვაქცინა საქართველოში მაღალი სანდოობით სარგებლობს. ყურადღება გავამახვილეთ ვაქცინაციის ეროვნულ გეგმაზე, რომელიც წლის ბოლომდე მოსახლეობის 60%-ის ვაქცინაციას ისახავს მიზნად და ამისთვის ვაქცინის შესაბამისი დოზების დროულად მობილიზების განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე. მადლობას ვუხდი Pfizer-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარესა და აღმასრულებელ დირექტორს თანამშრომლობისთვის და მჯერა, მიმდინარე მოლაპარაკებების შედეგად, ჩვენი ქვეყანა Pfizer-ის დამატებით დოზებს რაც შეიძლება მოკლე ვადაში მიიღებს”, – აღნიშნავს პრემიერმინისტრი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები