პაატა იმნაძე: „სინოფარმის“ ვაქცინა არის მაღალეფექტური და 100 პროცენტამდე იცავს ადამიანს დაავადების მძიმე მიმდინარეობისგან
“ერთი დოკუმენტი მომიტანეთ, სადაც წერია, რომ ვინმეს რამე გამოკვლევა უნდა ჩაუტარდეს ვაქცინაციის წინ”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.
იმნაძის თქმით, „სინოფარმის“ ვაქცინა არის მაღალეფექტური და 100 პროცენტამდე იცავს ადამიანს დაავადების მძიმე მიმდინარეობისგან.
„სინოფარმი“ გამოიყენება ევროპის რამდენიმე ქვეყანაში, რეგისტრირებულია უნგრეთში, სერბეთში. მხოლოდ სერბეთში ორი მილიონი დოზაა გამოყენებული, აღარ ვსაუბრობ იმ 200 მილიონამდე დოზაზე, რომელიც ჩინეთშია გამოყენებული.
ვაქცინა არის მაღალეფექტური, 79 პროცენტი არის სიმპტომური დაავადების საწინააღმდეგო ეფექტით, თითქმის 100 პროცენტამდე იცავს ჰოსპიტალიზაციისგან, მძიმე მიმდინარეობისგან და სიკვდილისგან. რაც არის გამოქვეყნებული კვლევები, 18-დან 60 წლამდე ეფექტურია, თუმცა 60 წლის ზემოთაც არის რეკომენდებული. ყველა ვაქცინაზე არის ერთი და იგივე მოწოდება, არ შეიძლება ვაქცინის გამოყენება იმ შემთხვევაში, თუ მის პირველ დოზაზე ადამიანს ჰქონდა ალერგიული მძიმე რეაქცია. ეს ეხება ყველა ვაქცინას, „ფაიზერს“, „ასტრაზენეკას“ და „სინოფარმსაც“. რაც შეეხება აცრის წინ გამოკვლევებს, ერთი დოკუმენტი მაინც მაჩვენეთ საერთაშორისო, ან ჯადაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ან ამერიკის წამლის სააგენტოს, ერთი დოკუმენტი მომიტანეთ, სადაც წერია, რომ ვინმეს რამე გამოკვლევა უნდა ჩაუტარდეს ვაქცინაციის წინ“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.