ცხოველური წარმოშობის არასასურსათო პროდუქტის ნარჩენების ეფექტიანად მართვის თანამედროვე სტანდარტები ეტაპობრივად დაინერგება
ცხოველური წარმოშობის არასასურსათო დანიშნულების ნარჩენების განკარგვის საკითხი განიხილეს სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც Land O’Lakes Venture37-ის პროექტის – „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში” ორგანიზებით გაიმართა, – ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, განხილვას ესწრებოდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე – გიორგი ხანიშვილი, რომელმაც ხაზი გაუსვა საკითხის მნიშვნელობას და განაცხადა, რომ ახალი სტანდარტების დანერგვა ხელს უწყობს როგორც ცხოველების საკვები ბაზის გაუმჯობესებას, ასევე, ცხოველური წარმოშობის არასასურსათო პროდუქტის ნარჩენების ეფექტიანად განკარგვას, გარემოზე მავნე ზემოქმედების შემცირებასა და ეკონომიკური სარგებლის გაზრდას. შეხვედრაზე, რომელსაც სურსათის ეროვნული სააგენტოს, შემოსავლების სამსახურისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, დისკუსიის რეჟიმში განიხილეს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები, რომლებიც „ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ” შეთანხმების (DCFTA) ფარგლებშია მიღებული და ეტაპობრივად შედის ძალაში (საქართველოს მთავრობის დადგენილება №605 „ტექნიკური რეგლამენტის – „ცხოველური წარმოშობის არასასურსათო დანიშნულების პროდუქტისა (მათ შორის, ცხოველური ნარჩენების) და მეორეული პროდუქტის, რომლებიც არ არის გამიზნული ადამიანის მიერ მოხმარებისათვის, ჯანმრთელობისა და ამ საქმიანობასთან დაკავშირებული ბიზნესოპერატორის აღიარების წესების” დამტკიცების შესახებ), – აღნიშნულია ინფორმაციაში.