მორიგი ანტირეკორდი – ინდოეთში კორონავირუსით ინფიცირების 300 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ინდოეთში ბოლო ერთ დღეში კოვიდ19-ით ინფიცირების 314 835 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც მორიგ ანტირეკორდს წარმოადგენს. პანდემიის დაწყებიდან ქვეყანაში თითქმის 16 მილიონი კოვიდინფიცირებული გამოვლინდა.
ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის უწყება ავრცელებს.
ასევე, უკიდურესად მაღალი ლეტალობაა დაფიქსირებული უკანასკნელ 24 საათში. ვირუსს 2, 100-ზე მეტი ადამიანი შეეწირა. სულ ქვეყანაში დაავადებას 184 ათასი ადამიანი ემსხვერპლა.
ინფიცირების მაჩვენებლით ინდოეთი მსოფლიოში, აშშ-ის შემდეგ, მეორე ადგილს იკავებს.
დაავადების გავრცელების მზარდი ტენდენცია უკვე 41-ე დღეა, ფიქსირდება. ამ ხნის განმავლობაში იმ პირთა რაოდენობა, ვინც დაავადებას ებრძოდა, 135,9 ათასიდან თითქმის 2,3 მილიონამდე გაიზარდა.
ამის პარალელურად, ქვეყანაში მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია მიმდინარეობს. მხოლოდ ერთ დღეში ინექცია 2,2 მილიონ ადამიანს შეუყვანეს, ჯამურად, აცრილთა რიცხვმა 132 მილიონს გადააჭარბა.
ქვეყანაში სამი ვაქცინის გამოყენებაა რეკომენდებული: AstraZeneca-ს ინდური ვარიანტი, სახელწოდებით – Covieshield, ადგილობრივი Covaxin და რუსული Спутник V, რომლის მიწოდება ქვეყანაში დაიწყება აპრილის ბოლოსთვის, წარმოება კი – მაისში.