სვენ მიქსერი: შეთანხმების მიღწევა პოზიტიური განვითარებაა – კრიტიკულად მნიშვნელოვანია დოკუმენტის იმპლემენტაცია, გარკვეული ნაბიჯები უნდა გადაიდგას დაკავებულ პირებთან დაკავშირებით
“შეთანხმების მიღწევა პოზიტიური განვითარებაა. ესაა გზა პოლიტიკური და საპარლამენტო პროცედურების განახლებისკენ”, – ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი, სვენ მიქსერი საქართველოში პოლიტიკური მხარეების მიერ შეთანხმების დოკუმენტზე ხელმოწერას.
ევროპარლამენტარი ფიქრობს, რომ შეთანხმება არის შესაძლებლობა არა მხოლოდ პოლიტიკური პარტიებისთვის, არამედ – ქვეყნისა და საზოგადოებისთვის, გადადგან შემდგომი ნაბიჯი ევროატლანტიკური მიმართულებით.
“შეთანხმების მიღწევა პოზიტიური განვითარებაა. ესაა გზა პოლიტიკური და საპარლამენტო პროცედურების განახლებისკენ. ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია, არჩეულმა წევრებმა ადგილი დაიკავონ პარლამენტში, ასევე, კრიტიკულად მნიშვნელოვანია დოკუმენტის იმპლემენტაცია.
გარკვეული ნაბიჯები უნდა გადაიდგას დაკავებულ პირებთან დაკავშირებით. ბევრი საკითხია, საარჩევნო კოდექსი, სასამართლო სისტემის რეფორმა, მათ შორის, მოსამართლეების დანიშვნა და შემდეგი ნაბიჯი ადგილობრივი არჩევნებია, რომელიც პოტენციურად კიდევ ერთი პოლიტიკური ესკალაციის მატარებელია, რადგან წინასაარჩევნო პერიოდი ყოველთვის დაძაბულია ნებისმიერ დემოკრატიაში. მე იმედი მაქვს, რომ პოლიტიკური პარტიები დააფასებენ ამ შესაძლებლობების მნიშვნელობას, გააგრძელონ პოლიტიკური პროცესი და წინააღმდეგობა გაუწიონ შემდგომი ესკალაციის ცდუნებას. ვფიქრობ, ეს შეთანხმება არის შესაძლებლობა არა მხოლოდ პოლიტიკური პარტიებისთვის, არამედ – ქვეყნისა და საზოგადოებისთვის, გადადგან შემდგომი ნაბიჯი ევროატლანტიკური მიმართულებით. რამდენადაც მე ვხვდები, არის 2 პარალელური საკითხი ორ რამეზე, რაც შეიძლება, რომ მოხდეს მელიას გათავისუფლებასთან დაკავშირებით – გირაო და ამნისტიის კანონი, რომელიც იქნება განხილული პარლამენტში. იმედი მაქვს, ეს არ იქნება ბარიერი შეთანხმების იმპლემენტაციისთვის”, – აცხადებს სვენ მიქსერი.