“პოსტკოვიდ ვითარება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში” – ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მეცხრე სესია ონლაინფორმატში ჩატარდება
ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მეცხრე ყოველწლიური სესია ვიდეოკონფერენციის ფორმატში ჩატარდება.
საპარლამენტო ასამბლეის თანაპრეზიდენტების ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილისა და ევროპარლამენტარის, ანდრიუს კუბილიუსის ხელმძღვანელობით გაიმართება. დღეს საპარლამენტო ასამბლეის პლენარული სესიის ოფიციალური გახსნითი ნაწილი დაგეგმილი. სესიის დელეგატებს სიტყვით მიმართავენ ევროპარლამენტის პრეზიდენტი – დევიდ სასოლი, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანაპრეზიდენტები – მაკა ბოჭორიშვილი და ანდრიუს კუბილიუსი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე – არჩილ თალაკვაძე და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეები.
პლენარული სესიის განხილვის მთავარი თემა იქნება ,,პოსტკოვიდ ვითარება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, აღდგენის, მედეგობის და დემოკრატიზაციის პერსპექტივები”. საქართველოს მხრიდან, მოხსენებას გააკეთებს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი. მთავარ თემაზე სპიკერების გამოსვლის დასრულების შემდეგ კი, ასამბლეის წევრთა მონაწილეობით, დებატები გაიმართება.
სესიის ფარგლებში, უკვე გაიმართა ასამბლეის საკომიტეტო მოსმენები, სადაც თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში მომზადებული რეზოლუციები განიხილა და მიიღო თითოეულმა კომიტეტმა. აღსანიშნავია, რომ სოციალურ საკითხთა, განათლების, კულტურისა და სამოქალაქო საზოგადოების კომიტეტის მიერ მომზადებული რეზოლუციის: „ცხოვრების ხარისხი, გამართული ჯანდაცვის სისტემა და მდგრადი საპენსიო რეფორმები ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში” თანაავტორია საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრი შალვა პაპუაშვილი. ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მეცხრე ყოველწლიური სესიის დასრულების შემდეგ, ასამბლეის თანათავმჯდომარეების, მაკა ბოჭორიშვილისა და ანდრიუს კუბილიუსის ონლაინ პრესკონფერენცია გაიმართება.
ცნობისთვის, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის საპარლამენტო განზომილებაა, რომელიც ევროპარლამენტის 60 წევრისა და აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყნების საპარლამენტო დელეგაციებისგან – 10 წევრი თითოეული ეროვნული პარლამენტიდან: აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო, მოლდოვა, უკრაინა (ბელორუსის მონაწილეობა დროებით შეჩერებულია) შედგება. პლენარული სესია ყოველწლიურად მონაცვლეობით ბრიუსელსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან ერთ-ერთ დედაქალაქში იმართება.