რამ განაპირობა ლარის კურსის ვარდნა და რა უნდა გაკეთდეს კურსის დასტაბილურებისთვის – შოთა გულბანის განმარტება

რა არის ლარის გაუფასურების მიზეზი – ამ საკითხთან დაკავშირებით მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას განმარტება ეკონომისტმა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის „ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის“ გამგეობის წევრმა, შოთა გულბანმა გააკეთა.

მისი თქმით, ლარის სტაბილურობას მრავალი ფაქტორის ერთობლიობა განსაზღვრავს.

როგორც შოთა გულბანი განმარტავს, დოლარმა პოზიციები გაიმყარა არა მარტო ქართულ ლართან მიმართებით, არამედ – საქართველოს ეკონომიკაზე გაცილებით უფრო ძლიერი ეკონომიკის მქონე ქვეყნების ეროვნულ ვალუტებთან მიმართებითაც.

„მოგეხსენებათ, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში ლარის კურსი დოლართან მიმართებით ვარდნას განაგრძობს, რაც, ვფიქრობ, გარკვეულწილად, ლოგიკური პასუხიცაა იმ შოკებთან მიმართებით, რაც როგორც ქვეყნის გარეთ, ისე ქვეყნის შიგნით ხორციელდება. შესაბამისად, მინდა, ყურადღება რამდენიმე მნიშვნელოვან გარემოებაზე გავამახვილო.
ზოგადად, ლარის სტაბილურობას მრავალი ფაქტორის ერთობლიობა განსაზღვრავს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ხაზს რამდენიმე მნიშვნელოვან მდგენელს გავუსვამ.

პირველი – აუცილებლად უნდა შევეხოთ თავად დოლარის მდგომაროებას. მოგეხენებათ, რომ დოლარი მსოფლიო მასშტაბით ძლიერი ვალუტაა, რასაც ორი მნიშვნელოვანი ფაქტორი განაპირობებს. პრიველი არის ის, რომ თავად ამერიკის ეკონომიკაა ძლიერი, მეორე – მსოფლიოს მასშტაბით, ყველა სხვა ქვეყნის ეროვნულ ვალუტასთან შედარებით, დოლარზე მოთხოვნა უპრეცედენტოდ მაღალია. ასევე, ესაა მთავრობების ეროვნული რეზერვების ფორმირების ვალუტა. გარდა ამისა, მოქალაქეებიც ყველაზე სტაბილურად თავს მაშინ გრძნობენ, როდესაც დანაზოგების ფორმირებას დოლარში ახორციელებენ.
საქმე ის გახლავთ, რომ ბოლო 3 თვის განმავლობაში დოლარის ინდექსის გარკვეული აღმასვლა დაფიქსირდა. 2021 წლის დასაწყისიდან 3 აპრილის ჩათვლით დოლარის ინდექსმა, დაახლოებით, 3, 5 %-იანი ზრდა დააფიქსირა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ დოლარმა პოზიციები გაიმყარა არა მარტო ქართულ ლართან მიმართებით, არამედ – საქართველოს ეკონომიკაზე გაცილებით უფრო ძლიერი ეკონომიკის მქონე ქვეყნების ეროვნულ ვალუტებთან მიმართებით“, – განაცხადა გულბანმა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ 2021 წლის განმავლობაში დოლარის გაძლიერებაა პროგნოზირებული.

როგორც გულბანმა განაცხადა, ძირითად სავალუტო ჯგუფებთან მიმართებით დოლარის კურსის აღმასვლას ვხედავთ.

„Bank of America-ს პროგნოზის თანახმადაც, 2021 წლის განმავლობაში სხვადასხვა ფაქტორთა ერთობლიობა დოლარის გაძლიერებას განაპირობებს. მათ შორის, ეს არის ბაიდენის სტიმულირების პაკეტი, ვაქცინაციის პროცესი, დაჩაქარებული ეკონომიკური ზრდა და ა.შ.
რომ ავიღოთ 2021 წლის 1-ელი იანვრიდან გუშინდელ დღემდე მოყოლებული პერიოდი, დოლარმა პოზიციები გაიმყარა არა მარტო ლართან მიმართებით, არამედ – მთელ რიგ ისეთ ვალუტებთან მიმართებით, როგორიცაა: ევრო, თურქული ლირა, რუსული რუბლი, იაპონური იენი. 1, 5 %-ით გამყარდა ევროსთან მიმართებაში; 9, 5 %-ით გამყარდა თურქულ ლირასთან მიმართებაში; 2, 7 %-ით გამყარდა რუსულ რუბლთან მიმართებით, 5 %-ით გამყარდა იაპონურ იენთან მიმართებით; 3, 4 %-ით გამყარდა შვეიცარიულ ფრანკთან მიმართებით. მცირედით დათმო პოზიციები კანადურ დოლარსა და ბრიტანულ ფუნტთან მიმართებით, მაგრამ ძირითად სავალუტო ჯგუფებთან მიმართებით დოლარის კურსის აღმასვლას ვხედავთ. ზუსტად ამ პერიოდის განმავლობაში 4, 8 %-ითაა გაუფასურებული ლარის კურსი. ამ მონაცემების მოყვანით იმის თქმა მინდა, რომ როდესაც ლარის კურსი ეცემა, ის არაა გამონაკლისი. მსოფლიოში ჩვენს ეკონომიკაზე გაცილებით ძლიერი ეკონომიკების ქვეყნები არსებობენ, რომელთა ვალუტაც დოლართან მიმართებით პერიოდულად დევალვაციას განიციდის. ეს ბუნებრივი პროცესია. ჩვენთვის მთავარი სამიზნე ნიშნული ის უნდა იყოს, რომ დოლარზე დამოკიდებული ნაკლებად ვიყოთ. შესაბამისად, ეს ნაკლებ ზიანს მიაყენებს ჩვენს მოქალაქეებსა და ეკონომიკას“, – განაცხადა შოთა გულბანმა.

მისივე განმარტებით, ვალუტის კურის ფორმირების პროცესში ქვეყანაში შემომავალი უცხოური ვალუტის წყაროებია მნიშვნელოვანი.

„მოგეხსენებათ, უცხოური ვალუტის შემოდინების თვალსაზირისით, 3 ძირითადი წყარო არსებობს: პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, ტურიზმის სექტორი და საზღვარგარეთ მყოფი ჩვენი თანამემაულეების მიერ განხორციელებული ფულადი ტრანსფერები. ტურიზმში გასაგებია, რომ პანდემიამ სრულად გააჩერა სექტორი და დანაკლისი 100%-ს შეადგენს, რაც ციფრებში გამოხატული 3 – მილიარდ დოლარიანი დანაკლისია. ინვესტიციების არხით დაგვაკლდა 693 მილიონი დოლარი, ფულად გზავნილებში მცირედი ზრდა გვაქვს, თუმცა, ეს არაფერია იმ დანაკლისთან შედარებით, რაც ჩვენმა ეკონომიკამ 2020 წლის განმავლობაში იწვნია.

მესამე მდგენელად დავასახელებ პანდემიის შედეგად გამოწვეულ გლობალურ ეკონომიკურ კრიზისს და, აქედან გამომდინარე, ჩვენს ქვეყანაში წარმოქმნილ კრიზისს. ასეთ სიტუაციებში, როგორც წესი, არსებულ რეალობასთან მიმართებით ეროვნული ვალუტა უფრო ვოლატილური და მგრძნობიარე ხდება. ამ შემთხვევაში საჭიროა მთავრობის მხრიდან სწრაფი ეკონომიკური აღდგენის გეგმა, რაც, როგორც წესი, პოზიტიურად აისახება სავალუტო ბირჟებზე არსებულ განწყობებსა და მოლოდინებზე“, – განაცხადა გულბანმა.

მისივე თქმით, კიდევ ერთი ფაქტორი, რაც ვალუტის კურსზე გავლენას ახდენს, პოლიტიკური არასტაბილურობაა.

„მეოთხე მდგენელად მინდა, დავსასახელო პოლიტიკური არასტაბილურობა.
ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკა და ეკონომიკა ერთმანეთს მჭიდროდ უკავშირდება. ეს ზოგადად ასეა მსოფლიოში, მაგრამ ჩვენთან განსაკუთრებულად იგრძნობა პოლიტიკური ტემპერატურა, რაც
ბიზნესში უარყოფითი მოლოდინების ფორმირებას ახდენს, რომელიც გაურკვევლობის სინდრომის გამო თავს იკავებს ინვესტირებისგან. ეს კი ეკონომიკას აფერხებს. გარდა ამისა, პოლიტიკური არასტაბილურობისა და დაანონსებული პერმანენტული აქციების ფონზე, ბიზნესი უცხოურ ვალუტაში რეზერვების გაკეთებას ცდილობს, რა დროსაც სავალუტო ბირჟებზე მოკლე ვადაში ხშირია პანიკური შესყიდვები, ხოლო ერთობლივი მოთხოვნის ზრდა დოლარზე ეროვნულ ვალუტაზე პირდაპირ წნეხს იწვევს. შესაბამისად, ასეთ პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ცენტრალური ხელისუფლების მხრდან მიზნობრივ ჯგუფებთან სწორი დიალოგითა და კომუნიკაციის მეშვეობით პანიკური შესყიდვები თავიდან იქნას აცილებული. მოკლევადიან პერიოდში, ვფიქრობ, ეს სიტუაციას განმუხატავს, გრძელვადიან პერიოდში კი ეკონომიკის გამოჯანსაღების თვალსაზრისით ქმდეითი ნაბიჯები უნდა გადაიდგას. ეს ლარის კურსის შენარჩუნებისთვის ყველაზე უებარი წამალია.

გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია ეროვნული ბანკის მოქმედი შემადგენლობის მხრიდან დასახული მიზანი – დოლარიზაციის მაჩვენებლის კიდევ უფრო მეტად შემცირება. მნიშვნელოვანია, რომ სხვადასხვა ღონისძიება გაგრძელდეს, რათა შემდგომში დოლარიზაციის მაჩვენებლი მინიმუმდე დავიყვანოთ, რადგან ეს ერთერთი ყველაზე რეალური მიზეზია, რის გამოც დოლართან მიმართებით ლარის კურსის ვარდნა ჩვენს ეკონომიკაში პრობლემების გამომწვევია“, – განაცხადა გულბანმა.
ცნობისთვის, დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.4432 ლარია. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 3.4235 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0197 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 4.1177 ლარია. გუშინ მოქმედი კურსი 4.0709 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0468 ლარი შეადგინა.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები