მაია ბითაძე: არიან ადამიანები, რომლებიც ცდილობენ ყოფილი იპოდრომის ტერიტორიასთან დაკავშირებით მოსახლეობის შეცდომაში შეყვანასა და საკითხის პოლიტიზებას

„ქართული ოცნების“ მმართველობისას ძალიან ბევრი რამ კეთდება, რომ ქვეყანაში ეკოლოგიური მდგომარეობა გაუმჯობესდეს. იზრდება რეკრეაციული ზონები დედაქალაქში, თუმცა, ეს საკითხი მაინც რჩება სპეკულაციის საგნად”, – ამის შესახებ პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ – მაია ბითაძემ განაცხადა.

„ამ შემთხვევაში, მინდა, გამოვეხმაურო ყოფილი იპოდრომის ტერიტორიის შესახებ გაკეთებულ განცხადებებს, რომელიც „ქართუ ჯგუფის“ მიერ 50 მილიონი ლარის ქონების სახით გადაეცა დედაქალაქს და იქ უსასყიდლოდ შენდება ცენტრალური პარკი. არიან ადამიანები, რომლებიც ცდილობენ მოსახლეობის შეცდომაში შეყვანასა და ამ საკითხის გარკვეულწილად პოლიტიზებას“, – განაცხადა ბითაძემ.

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე წარმოადგინა ფოტომასალა იმის მტკიცებულებად, თუ რა პროექტის განხორციელება იგეგმებოდა ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე.

„ვიდრე „ქართუ“ ჯგუფი გამოისყიდდა ამ ტერიტორიას, იქ იგეგმებოდა 40-სართულიანი შენობების აგება. ახლა „ქართუ ჯგუფი“ სრულად აფინანსებს პარკის მშენებლობას, იქ იქნება ბილიკები, სივრცეები ყველა ადამიანისთვის და თბილისის მოსახლეობა ისარგებლებს ამ სივრცით. ეს იქნება საქალაქო დონის ცენტრალური პარკი, სადაც სივრცეები ყველა ადამიანისთვის იქნება განკუთვნილი“, – აღნიშნა ბითაძემ.

ამასთან, მაია ბითაძემ მოუწოდა ყველა იმ ადამიანს, რომელიც ამ საკითხზე სპეკულაციას ეწევა და ჩრდილს აყენებს „ქართუ ჯგუფის“ ამ პროექტს, რომ შეწყვიტონ ცრუ ინფორმაციის გავრცელება, გაითვალისწინონ, რომ არიან ადამიანები რომელთაც სჭირდებათ ველობილიკი, პარკში გასეირნება, კარგად დააკვირდნენ რეკრეაციულ სივრცეებს, რომლებიც გაშენებულია ევროპისა და ამერიკის მასშტაბით. იხილონ ნიუ-იორკის ცენტრალური პარკის განაშენიანების გეგმა, ბერლინის, მადრიდის და ა.შ. თბილისში ეს პარკი იქნება ყველასთვის და ასევე მიზიდულობის ცენტრი ტურისტებისთვის. ასევე, იქნება თბილისში ქონებაზე ფასის ზრდის წინაპირობა, აღარაფერს ვამბობ ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე“, – აღნიშნა ბითაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები