რა მდგომარეობა აქვს საქართველოს საგარეო ვალის მხრივ – ეკონომისტ გიორგი ცუცქირიძის განმარტება

რა მდგომარეობა აქვს საქართველოს საგარეო ვალის მხრივ – ამ საკითხთან დაკავშირებით განმარტება მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ეკონომიკის საკითხების ექსპერტმა, პროფესორმა გიორგი ცუცქირიძემ გააკეთა.

„ბოლო დღეებში მთავარი ფოკუსირება მაინც საგარეო ვალის მომსახურებაზე იყო. კერძოდ, 500 მილიონი დოლარის ევრობონდების დაფარვა გვიწევდა. ვალის წარმოქმნის წინა ისტორიასაც ვიტყვი: პირველად, როცა სახელმწიფომ ბონდები გამოუშვა, 2008 წელი იყო. ამ გზით პირველად მაშინ მოხდა 500 მილიონის ვალის აღება. მე რომ მკითხოთ, სავალდებულო არც იყო მაშინ ამ ვალის აღება, ეს შეცდომა იყო. რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ საერთაშორისო თანამეგობრობისგან ჩვენ ისედაც დიდი დახმარება მივიღეთ – დაახლოებით, 4,5 მილიარდი, რაც ბრიუსელის კონფერენციაზე გამოგვეყო და შემდეგ წლებზე იყო გაწერილი. ამიტომ, ამ ვალის ეკონომიკური მიზანშეწონილობა ჩემთვის დღემდე გაუგებარია.
პირდაპირ რომ ვთქვათ, ამ ვალის აღება არ იყო საჭირო. ეს რომ არასწორი ეკონომიკური სვლა იყო, 2011 წელს გამოჩნდა, როცა ამ ვალის რეფინანსირება პირველად მოხდა.
მნიშვნელოვანი რა არის: იმ დროისათვის წლიური საპროცენტო განაკვეთი ძალიან მაღალი იყო“, – განაცხადა ცუცქირიძემ.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანი ისაა, რომ ახალი ვალის შემთხვევაში, ყველა პროგნოზით, პროცენტი გაცილებით ნაკლები იქნება, ვიდრე ის წინა რეფინანსირების დროს იყო.

„ამით ფასდება ვალი: როცა ვალს იღებ, გააჩნია, რა სიტუაციაში იღებ და რა პროცენტში სესხულობ ამ ვალს. დღეს მესამე ეტაპია. სახელმწიფომ დაფარა ის და უკვე განაცხადია ახალი ვალის აღებაზე, ახალი – 500-მილიონიანი ბონდების გამოშვებაზე. მისი რეფინანსირება უახლოეს მომავალში მოხდება. თუმცა, მნიშვნელოვანი ისაა, რომ ამჯერად პროცენტი ყველა პროგნოზით გაცილებით ნაკლები იქნება, ვიდრე – წინა რეფინანსირების დროს იყო. საკმაოდ მაღალი იყო – საშუალოდ 6, 7 %, ახლანდელი პროგნოზი დაახლოებით 4 %-მდეა. ამ პროგნოზს აკეთებენ ის საინვესტიციო ბანკები, რომლებიც ინვესტორებისთვის ამ ვალის განთავსებას ახდენენ. აქვე აღვნიშნავ, რომ ორივე მიმართულებით სახელმწიფოს სვლა სწორი იყო. ერთი ის, რომ ვალის მომსახურებაზე ჩართული იქნა ძალიან ცნობილი 2 ამერიკული საინვესტიციო ბანკი, ესენია: JP Morgan და Goldman Sachs, პლუს ორი ქართული ძალიან ცნობილი საინვესტიციო ბანკიც – Galt & Taggart და TBC Capital.
ახალი ვალის ვადიანობა, სავარაუდოდ, ისევ 10 -წლიანი იქნება. ეს არის წინასწარი შეფასება, რასაც ამ ვალის მომსახურე ბანკები იძლევიან.
ვალის მოცულობა, გამომდინარე კურსიდან, მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით, ალბათ, გაიზრდება. 2011 წელს სხვა კურსი იყო, დღეს სხვა კურსია. 500 მილიონი დოლარი ლარის კურსზე რომ გადაიყვანოთ, დღეს ლარში გაცილებით მეტია. არის ხოლმე მოსაზრება, რომ საგარეო ვალის მომსახურება რაღაც კატასტროფულ, ზედა ჭერზეა. არანაირ ზედა ჭერზე არაა. უბრალოდ, ჩვენთან წინა ხელისუფლების დროს „ეკონომიკური თავისუფლების აქტია“ მიღებული, რომელიც საზღვრავდა, რომ ვალი 60 %-ის ფარგლებში უნდა ყოფილიყო. 60 % არის პირობითი დათქმა, რომ სასურველია, ამაზე ზემოთ არ იყოს. თუმცა, კრიზისების დროს, რომელიც კოვიდპანდემიის დროს წარმოიქმნა, ჩვენ ამ 60 %-იან მაჩვენებელს გავცდით, უფრო მეტი გვაქვს ამ წუთში ვალი. მაგრამ, ზოგადად, მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით ვალის სიდიდე არ არის პრობლემა, არც 60, არც 65. ბევრი წარმატებული ქვეყანა შემიძლია, დაგისახელოთ, რომელთა ვალიც მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით არათუ 65, არამედ 250 %-საც კი შეადგენს“ – განაცხადა ცუცქირიძემ.

ცნობისთვის, ფინანსთა სამინისტროს ცნობით, 2011 წელს გამოშვებული ევრობონდები უკვე დაიფარა და სამინისტრო ახალი ევროობლიგაციების გამოშვებას გეგმავს.

„სამწუხაროა, რომ ბოლო დღეებია, აღნიშნულ თემაზე ვრცელდება არაკომპეტენტური შეფასებები, მათ შორის, იმ პიროვნებების მხრიდან, რომლებმაც წესით უნდა იცოდნენ, რომ აღნიშნულ პროცესს გამოშვების ფორმალურ გამოცხადებამდე აქვს კონფიდენციალობის გარკვეული სტანდარტი.
საზოგადოებას გვინდა, შევახსენოთ, რომ აღნიშნული პროცესი ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში დაიწყო, 2021 წლის ბიუჯეტის საბოლოო პროექტის მომზადების დროს. ამის შემდეგ, მიმდინარე წლის იანვარში გამოცხადდა კონკურსი და შეირჩა პარტნიორი საერთაშორისო და ადგილობრივი ბანკები.
ევროობლიგაციების გამოშვების პროცესში ჩვენ გავიარეთ საკმაოდ ხანგრძლივი პროცესი, რომელიც ითვალისწინებდა პარტნიორი ბანკების შერჩევას, ბაზრის ანალიზს, გამოშვებისთვის სწორი პერიოდის შერჩევასა და პოტენციურ ინვესტორებთან შეხვედრებს“, – აცხადებენ სამინისტროში.
მათივე ცნობით, ევროობლიგაციების გამოშვების უზრუნველყოფის მიზნით, სამი ავტორიტეტული საერთაშორისო საინვესტიციო ბანკია შერჩეული: JP Morgan, Goldman Sachs და ICBC; პროცესში თანამონაწილის სტატუსით ჩართულია 2 ადგილობრივი საინვესტიციო ბანკი – Galt & Taggart და TBC Capital.
„პროცესის დასრულებისთანავე, ფინანსთა სამინისტრო საზოგადოებას უახლოეს დღეებში გააცნობს დეტალურ ინფორმაციას.

მოსალოდნელია, რომ ახალ ევროობლიგაციებზე გადასახდელი საპროცენტო განაკვეთი იქნება მნიშვნელოვნად დაბალი, ვიდრე ეს იყო 2011 წელს გამოშვებული ევროობლიგაციების შემთხევაში (6.875%)“, – აცხადებენ სამინისტროში.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები