გია გაჩეჩილაძე: შეტევა ხორციელდება უწმინდესსა და ყველაფერ წმინდაზე, თუკი რამე გაგვაჩნია
“ყველანაირი კედელი უნდა დავამსხვრიოთ, რაც არსებობს ჩვენს შორის და ღმერთი რომ სიყვარულია, აქ მაინც დაიწერება”, – ამის შესახებ მომღერალმა, გია გაჩეჩილაძემ ,,ევროპის მოედანზე” გამართულ შეკრებაზე განაცხადა, სადაც ,,საქართველობის მარადისობის დღე” დაფუძნდა.
მისი თქმით, დღეს შეტევა ხორციელდება პატრიარქზე.
,,ეს ქალაქი ყველას იტევდა, ქრისტიანსაც, მუსულმანსაც – ყველას, აქ, სადაც მე ვდგავარ, უნდა აღმართულიყო ძეგლი, რომელსაც დაეწერებოდა: ,,ღმერთი სიყვარულია”, მაგრამ ეს არ შედგა და არ ვიცი, რატომ. აქ დაიდგა ბერლინის კედელი, რაც ძალიან კარგია, რადგან ჩვენ ყველანაირი კედელი უნდა დავამსხვრიოთ, რაც არსებობს ჩვენს შორის და ღმერთი რომ სიყვარულია, აქ მაინც დაიწერება.
ყველა ვხედავთ, რომ შეტევა ხორციელდება უწმინდესსა და ყველაფერ წმინდაზე, თუკი რამე გაგვაჩნია. ხედავთ, რომ შეტევა ხორციელდება ოჯახზე, სტუმარზე, ისტორიაზე, ტრადიციაზე, ავტორიტეტზე, ეკლესიასა და ყველაფერზე, სწორედ უწმინდესში ერთიანდება ეს ყველაფერი და ამიტომაც ასე ძლიერად ებრძვიან მას. ის ყოველთვის მუხლებზე დგას და ლოცულობს ჩვენთვის, ქვეყნისთვის, რწმენისთვის და 43 წელია მივყავართ იმ გზაზე, რომელსაც მანქურთები ასეთი გაშმაგებით ებრძვიან“, – განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.
შეკრების მონაწილეები ამ წუთებში საპატრიარქოსკენ მსვლელობით მიემართებიან.