ფოთში 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 32 წელი გავიდა. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერმა – გოჩა კურდღელიამ, საკრებულოს თავმჯდომარე ბექა ვაჭარაძემ, მერის მოადგილეებმა და საკრებულოს წევრებმა გვირგვინითა და ყვავილებით შეამკეს 9 აპრილის მემორიალი.

ამის შესახებ “კვირას” ფოთის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.

„დღეს მოვიგონეთ 1989 წლის 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენები, ქვეყნის დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის დაღუპული ახალგაზრდები. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ტკივილიანი დღე ქვეყნის უახლოეს ისტორიაში და, ასევე, დღე-ყველაზე დიდი გამარჯვების. 30 წელი გავიდა 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან. მადლობა დამოუკიდებელი და თავისუფალი საქართველოს იდეისთვის თავგანწირულ გმირებს. მადლობა და არდავიწყება მათ სახელებს“.
9 აპრილის მემორიალის მიმდებარედ სიმბოლურად 21 ძირი ვერცხლისფერი ცინერეა დაირგო. ღონისძიებაში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მოხალისეები ჩაერთნენ.
1989 წლის 9 აპრილს რუსული ჯარის მიერ მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევის შედეგად, გარდაიცვალა 21, მათ შორის, 3 არასრულწლოვანი და დაშავდა 275-მდე მშვიდობიანი მოქალაქე. 2 წლის თავზე, სწორედ 9 აპრილს გამოაცხადა საქართველომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები