თორნიკე რიჟვაძემ 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალი ყვავილებით შეამკო
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალი ყვავილებით შეამკო. თორნიკე რიჟვაძე გმირთა ხეივანში ადგილობრივი ხელისუფლების წევრებთან ერთად მივიდა.
„9 აპრილი არის ჩვენი ქვეყნისთვის, ერთი მხრივ, ძალიან დიდი ტკივილის დღე, ამავე დროს, არის ქართველი ხალხის ერთიანობისა და გმირული თავგანწირვის დღე. მნიშვნელოვანია, რომ ის ღირებულება, რომელიც ამ ხალხს აერთიანებდა, შევინარჩუნოთ და შევუნარჩუნოთ მომავალ თაობას“, – განაცხადა მთავრობის თავმჯდომარემ.
ბათუმში 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალთან დილიდან მიდიან მოქალაქეები და სიმბოლურად ტიტები მიაქვთ.
9 აპრილის ტრაგედიიდან 32 წელი შესრულდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს. 21 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ათასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.