“არაფერი არ გამიკეთებია, საჭიროდ არ ჩავთვალე” – მეგი ბაქრაძის საქმეზე ბრალდებული ექიმის აღიარება

ახალციხის კლინიკა “იმედის” ექიმი – ვიოლეტა ინასარიძე, რომელიც პირველ ჩვენებაში ირწმუნებოდა, რომ მან მეგი ბაქრაძეს, აცრის შემდეგ, ადრენალინი გაუკეთა, შეცვლილ ჩვენებაში აღიარებს, რომ მას მეგი ბაქრაძისთვის მსგავსი სამედიცინო დახმარება სინამდვილეში არ გაუწევია.

“მე მეგონა, რომ უბრალო რეაქცია მისცა, ანუ რაღაც ალერგიული რეაქცია იმიტომ, ასეთი რაღაც მინახავს ძალიან ბევრი. ეს არის ჩვეულებრივი, შეიძლება – ემოციურიც იყო, ემოციური ბავშვიც იყო და ჩავთვალე, რომ არ იყო საგანგაშო სიტუაცია.”

გამომძიებლის კითხვაზე, უშუალოდ თქვენ რა მოიმოქმედეთ ამ დროს, ვიოლეტა ინასარიძე პასუხობს:

“პრინციპში, არაფერი  მიქნია, უბრალოდ, ვკითხე, როგორ იყო და საიმედო ადამიანს ჩავაბარე”, – აღნიშნავს მედიკოსი შეცვლილი ჩვენებაში და იქვე ადასტურებს, რომ მას მეგი ბაქრაძისთვის ადრენალინი არ გაუკეთებია:

“არა, არაფერი  გამიკეთებია იმიტომ, რომ არ ჩავთვალე საჭიროდ, რომ თითქოს ეს იყო ანაფილაქსიის მაჩვენებელი.

კიდევ რას წერდა ჩვენებაში გარდაცვლილი ექთნის, მეგი ბაქრაძის საქმეზე ბრალდებული ერთ-ერთი პირი, ვიოლეტა ინასარიძე:

“თქვენს კითხვაზე გიპასუხებთ, რომ პროტოკოლის შესაბამისად ექიმის ფუნქციას არ წარმოადგენს პაციენტის გასინჯვა აცრის წინ. მოცემულ შემთხვევაში გასინჯვა გულისხმობს ფილტვების მოსმენას, ყელში ჩახედვას, გულის ტონების მოსმენასა და მუცლის გასინჯვას, რაც მეგის შემთხვევაში და არც სხვების შემთხვევაში არ მომხდარა, რადგან, როგორც აღვნიშნე, აღნიშნული არ იყო გათვალისწინებული, პროტოკოლით, მაგრამ ვახდენთ შესაბამისი კითხვარით ინფორმაციის მიღებას, მათ შორის, ვეკითხებით მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და თუკი მის მიერ მოწოდებული ინფორმაციით დადგინდა, რომ აქვს ჩივილები, მერე გავსინჯავ და თუ არსებობს რისკი, რომ უკუჩვენება დაფიქსირდეს, არ ჩავატარებ ვაქცინაციის პროცესს”, – აცხადებს ექიმი დაკითხვის დროს.

კითხვაზე – რა ტემპერატურა ჰქონდა მეგი ბაქრაძეს აცრამდე, ექიმი ჩვენებაში წერს, რომ:

“მეგის მე თავად გავუზომე ტემპერატურა, და მას აცრის წინ აღენიშნებოდა – 36,7”

ექიმი ჩვენებაში ასევე ამბობს, რომ რაიმე გარემოება, რასაც შეიძლებოდა, პოსტვაქცინური უკუჩვენება გამოეწვია, არ არსებობდა.

მეგი ბაქრაძის საქმეში ბრალდებულ ექიმებს თბილისის საქალაქო სასამართლომ 3 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

შეგახსენებთ, რომ 27 წლის ექთანი, მეგი ბაქრაძე, რომელსაც „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა, თსსუ-ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა.

ამასთან, საქართველოს პროკურატურამ მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე „ახალციხის კლინიკა იმედის“ ექიმებს – ბ.ლ.-ს, ვ.ი-ს და ექთანს – თ.გ.-ს ბრალი წარუდგინა.

წყარო: Rustavi 2

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები