სერგი კაპანაძე: ვიზიარებთ ჩვენი ამერიკელი პარტნიორების დამოკიდებულებას, უბრალოდ, ამ დამოკიდებულებას არ იზიარებენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები
“ვიზიარებთ ჩვენი ამერიკელი პარტნიორების დამოკიდებულებას, უბრალოდ, ამ დამოკიდებულებას არ იზიარებენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები”, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, სერგი კაპანაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციას კრიზისის განმუხტვა სურს, თუმცა, საქართველოს ხელისუფლებას – არა.
„ჩვენს პარტნიორებს, მათ შორის, აშშ-ში კარგად ესმით, რომ კრიზისი უნდა იყოს განმუხტული. ჩვენც იგივე გვინდა, რომ მოლაპარაკებების გზით განიმუხტოს კრიზისი და ხელისუფლებამ, ოპოზიციამ იზრუნონ ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევებისა და პრობლემების მოგვარებაზე, ოღონდ, სამწუხაროდ, ამ მცდელობაში არ გვყავს პარტნიორი. საქართველოს ხელისუფლებას ეგ არ უნდა, მათ უნდათ ძალაუფლების შენარჩუნება, მათ არ უნდათ არც პოლიტპატიმრების გათავისუფლება, არც საარჩევნო სისტემასა და საარჩევნო რეფორმაზე შეთანხმების მიღწევა, არც ახალი არჩევნების დანიშვნა. ამიტომ, ჩვენ ვიზიარებთ ჩვენი ამერიკელი პარტნიორების დამოკიდებულებას, უბრალოდ, ამ დამოკიდებულებას არ იზიარებენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები“, – აღნიშნა კაპანაძემ.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილემ, ჯორჯ კენტმა „თურქიშ ჰერითიჯ ფაუნდეიშენის“ მიერ გამართულ დისკუსიაზე განაცხადა, რომ საქართველოს შიდა პოლიტიკური კრიზისი პროვოცირებული და შექმნილია ორივე მხარის, მმართველი გუნდისა და ოპოზიციის მიერ.