გიორგი კონდახაშვილი: ნიკა მელია უკანონო პოლიტიკურ პატიმრობაშია, ჩვენი პოზიციაა, რომ ყოველგვარი აღკვეთის ღონისძიება უნდა გაუქმდეს
“ჩვენ, რა თქმა უნდა, დავაყენებთ შუამდგომლობას ახალ მტკიცებულებებთან დაკავშირებით, ასევე, ნიკა მელიას უნდა მიეცეს სასამართლო განხილვაში მონაწილეობის უფლება”, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას ადვოკატმა, გიორგი კონდახაშვილმა სასამართლო პროცესის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
ადვოკატის თქმით, მელია უკანონო პოლიტიკურ პატიმრობაშია და ყოველგვარი აღკვეთის ღონისძიება უნდა გაუქმდეს.
“ჩვენ, რა თქმა უნდა, დავაყენებთ შუამდგომლობას ახალ მტკიცებულებებთან დაკავშირებით, ასევე, იმას, რომ ნიკა მელიას მიეცეს უფლება, ამ საკმაოდ მნიშვნელოვან სასამართლო სხდომას დაესწროს და მას, როგორც პოლიტიკურ პატიმარს, ელემენტარულად, უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ უშუალოდ მონაწილეობა მიიღოს სასამართლო განხილვაში.
რაც შეეხება აღკვეთის ღონისძიებას ჩვენ გვაქვს ცალსახა პოზიცია – ნიკა მელია უკანონო პოლიტიკურ პატიმრობაში იმყოფება და მისი გათავისუფლება ეს არის ხელისუფლების მიერ მისაღები გადაწყვეტილება. ჩვენი პოზიციაა, რომ ყოველგვარი აღკვეთის ღონისძიება უნდა გაუქმდეს და ის უნდა გათავისუფლდეს პატიმრობიდან”, – აღნიშნა ადვოკატმა.