სერგი კაპანაძე: მდინარე ენგურის გადმოკვეთისას მოქალაქეების დაღუპვა ხელისუფლების არასწორი პოლიტიკის შედეგია

„ევროპული საქართველოს“ წევრის, სერგი კაპანაძის განცხადებით, მდინარე ენგურის გადმოკვეთისას მოქალაქეების დაღუპვა ხელისუფლების არასწორი პოლიტიკის შედეგია.

„ძალიან სამწუხარო და ტრაგიკული ფაქტია. როგორც ჩანს, ისინი შემოვლითი გზებით, ჩუმად აქეთ მოდიოდნენ, რადგან იციან, რომ აქ კარანტინში ხვდებიან. რა ინფორმაციაც გავიგე და რაც საჯაროდ ხელმისაწვდომია, მათ იმის გამო, რომ კარანტინისთვის თავი აერიდებინათ, გადაწყვიტეს, ასეთი გზით წამოსულიყვნენ და, სამწუხაროდ, გზაში დაიღუპნენ. ეს არის ძალიან არასწორი პოლიტიკის შედეგი, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება აწარმოებს, როდესაც ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსულ ადამიანებს კარანტინში უშვებს და ამით მათ უსაფრთხოებასაც პრობლემებს უქმნის. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმ ძალიან არასწორ პოლიტიკაზე, რომელიც ამ რეგიონებში მცხოვრები ადამიანების მიმართ გვაქვს. პირველ ყოვლისა, კარანტინის წესი არის შესაცვლელი. მაგალითად, თუ ჩვენს მინისტრებს შეუძლიათ, სხვა ქვეყნებიდან ჩამოვიდნენ და აცრის გარეშე, ყოველგვარი კარანტინისა და თვითშეზღუდვის გარეშე იყვნენ საქართველოს ტერიტორიაზე, იგივე მიდგომა უნდა გავრცელდეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების მიმართ. ეს რომ ადრე გავრცელებულიყო, შესაძლოა, ეს ტრაგედია თავიდან აგვერიდებინა“, – განაცხადა კაპანაძემ.

ცნობისთვის, ოკუპირებული გალის რაიონის მკვიდრი, საქართველოს სამი მოქალაქე ცდილობდა მდინარე ენგურის გავლით საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას. მდინარე ენგურის გადმოკვეთისას სამივე მათგანი დაიღუპა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები