დავით მათიკაშვილი: IRI-ის კვლევა ცხადყოფს, რომ ქვეყნის მოსახლეობის მინიმუმ 60% საპარლამენტო არჩევნებს ლეგიტიმაციას აძლევს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დავით მათიკაშვილი საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ გამოქვეყნებულ კვლევის შედეგებს აფასებს.
მისი თქმით, გამოქვეყნებული დოკუმენტი ცხადყოფს, რომ მოსახლეობის მინიმუმ 60 პროცენტი საპარლამენტო არჩევნებს ლეგიტიმაციას აძლევს.
„საზოგადოებისთვის კარგად ცნობილია, რომ IRI-ის კვლევასთან დაკავშირებით ბევრი კითხვა არსებობს, რასაც საკმაოდ ობიექტური საფუძველი გააჩნია, რადგან საველე სამუშაოებს ასრულებს „ნაციონალურ მოძრაობასთან” აფილირებული ორგანიზაცია. კითხვის თითქმის ყველა კვლევასთან მიმართებაში არსებობს, რადგან იყო 10-15- და 20-პროცენტიანი ცდომილებაც კი, კვლევის საგანსა და შემდგომ დამდგარ შედეგს შორის. ამის მიუხედავად, ბოლოს გამოქვეყნებული დოკუმენტი ცხადყოფს, რომ საზოგადოების 60 პროცენტი ამბობს, რომ ოპოზიცია უნდა შევიდეს პარლამენტში და პოლიტიკა უნდა წარმოებდეს პარლამენტში. ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყნის მოსახლეობის მინიმუმ 60 პროცენტი იმთავითვე ლეგიტიმაციას აძლევს საპარლამენტო არჩევნებს“, – განაცხადა მათიკაშვილმა.
ცნობისთვის, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, მმართველ და ოპოზიციურ პარტიებს შორის შეუთანხმებლობის ფონზე, მოქალაქეების 60% არ უჭერს მხარს ოპოზიციური პარტიების მიერ საპარლამენტო საქმიანობის ბოიკოტირებას, მათ შორის, 42% – “სრულიად არ უჭერს მხარს” და 18% – “გარკვეულწილად არ უჭერს მხარს”. კვლევის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მოქალაქეებს სურთ, რომ მათ მიერ არჩეულმა პოლიტიკოსებმა განაგრძონ საპარლამენტო საქმიანობა, მოსახლეობის აზრი ორად იყოფა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესახებ: მოქალაქეების 45% მხარს უჭერს რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას, ხოლო 45% ამის წინააღმდეგია.