სოზარ სუბარი: ჯერ ჩამოყალიბდნენ, მართლა უნდათ თუ არა მანდატები შევუწყვიტოთ და შემდეგ ჩვენ ვიფიქრებთ, მივცეთ თუ არა სახელმწიფოს შანტაჟის უფლება
“ოპოზიციის ნებაა, სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტა მოითხოვონ”, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა განაცხადა.
მისი თქმით, რომელ ღილაკს მიაჭერს თითს წითელს, მწვანეს თუ საერთოდ არ დააჭერს, ეს თითოეული დეპუტატის გადასაწყვეტია.
„ჯერ ჩამოყალიბდნენ, მართლა უნდათ თუ არა, მანდატები შევუწყვიტოთ და შემდეგ ჩვენ ვიფიქრებთ, მივცეთ თუ არა სახელმწიფოს შანტაჟის უფლება. მათი ნებაა, შეწყვეტა მოითხოვონ, პარლამენტში შემოვიდნენ ან არა, თითოეული დეპუტატის ინდივიდური გადასაწყვეტია, რომელ ღილაკს მიაჭერს თითს წითელს, მწვანეს თუ საერთოდ არ დააჭერს. თითოეულ დეპუტატსა და პარლამენტს ასეთი უფლება რომ არ ჰქონდეს, კონსტიტუციაში იწერებოდა, რომ ადამიანი რომ მოითხოვდა სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას, ავტომატურად შეუწყდებოდა და აღარ იქნებოდა კენჭისყრა საჭირო“, – განაცხადა სუბარმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე არ გამორიცხავს, რომ სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე საკანონმდებლო ორგანოს კიდევ ერთხელ მიმართონ.