ზურაბ ჯაფარიძე: იმ დოკუმენტს ხელს არ მოვაწერთ, ამის შესახებ იქვე განვაცხადეთ და მას შემდეგ ჩემთვის პირადად არაფერი შეცვლილა
“იმ დოკუმენტს ხელს არ მოვაწერთ, ამის შესახებ იქვე განვაცხადეთ და მას შემდეგ ჩემთვის პირადად არაფერი შეცვლილა”, – ამის შესახებ პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ევროპარლამენტარების განცხადებამ უნდა შეცვალოს ხელისუფლების დამოკიდებულება.
„არა, იმ დოკუმენტს ხელს არ მოვაწერთ. ამის შესახებ იქვე განვაცხადეთ და მას შემდეგ ჩემთვის პირადად არაფერი შეცვლილა. იმაზე, რომ ევროპარლამენტარები რაღაც მკაცრ განცხადებას ავრცელებენ, რეაგირება უნდა მოახდინოს ხელისუფლებამ. იქ, მათ შორის, წერია, რომ მთავარი პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება. ამიტომ, არ მოვაწერ დოკუმენტს ხელს, რომელშიც, ჩემი აზრით, ისეთი არაფერი წერია, რის გამოც შეიძლება, ხელის მოწერა ღირდეს.
ევროპარლამენტარების განცხადებამ უნდა შეცვალოს ხელისუფლების დამოკიდებულება, თორემ მე რა უნდა შევცვალო, არ მესმის. ჩემი პასუხისმგებლობა რა არის, არ მესმის. ჩემი პასუხისმგებლობა შეიძლება, იყოს ის, რომ რაღაც სისულელეებზე არ გავჭედო და სისულელეების გამო ნამდვილად არ ვჭედავ, პრინციპული საკითხებია“, – განაცხადა ჯაფარიძემ.
ევროპარლამენტარები გავრცელებულ განცხადებაში საქართველოში პარტიების შეუთანხმებლობის გამო იმედგაცრუებას გამოთქვამენ და ფინანსური დახმარების შეჩერებას არ გამორიცხავენ.